საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო შეკრების წინ, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
"როდესაც ჯაბა კანკავა ნაკრებიდან წავიდა და ახალი კაპიტანი უნდა აგვერჩია, ყველაფერი აშკარა იყო, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მომდევნო კაპიტანი. კაშოსთან ერთად მუშაობა განსაკუთრებული იყო. წარმატებას ვუსურვებ სამომავლოდ, როცა თავისი საფეხბურთო ცხოვრების მეორე ეტაპს დაიწყებს.
ჩვენი ამოცანა ყოველთვის ისაა, რომ დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი მოვნახოთ. ბოლო შესარჩევი ეტაპი რთული იყო, შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო. ასეთ დროს მუშაობა უნდა გააგრძელო და პრობლემების გადაჭრა სცადო. უახლოესი ამხანაგური მატჩები სწორედ ამას ემსახურება. მიხარია, რომ ნოემბრის შემდეგ ფეხბურთელებთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ერთად მოვემზადოთ და უახლოეს მატჩებს სათანადო მზადყოფნაში შევხვდეთ.
ბევრი იმედგაცრუება იყო ბოლო შესარჩევში, რადგან გვაკლდა ამბიცია, თუ როგორ უნდა გვეთამაშა, ბურთის კონტროლი შეგვენარჩუნებინა. ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამოსავალს ეძებს. ტაქტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი მიდგომაა, თუ დიდ მწვრთნელებსაც დავაკვირდებით - გუარდიოლა, ანჩელოტი, კლოპი ტაქტიკაზე არასდროს საუბრობენ, არამედ მიდგომაზე და დამოკიდებულებაზე. მუდმივად ვესაუბრები ფეხბურეთელებს და ყველა აღიარებს, რომ ბოლო თვეები და ბოლო თამაშები ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო. ყველა ვთანხმდებით, რომ ვითარება გამოსასწორებელია. ამხანაგური მატჩები ამისთვისაა, რომ მოახლოებული ერთა ლიგისთვის სათანადო მზადყოფნაში ვიყოთ.
ერთა ლიგის ახალ გათამაშებას დიდი ამბიციით მივუდგებით. კონკრეტულ მიზნებზე უფრო დეტალურად სექტემბერში ვილაპარაკებთ, თუმცა ჩვენი მიზანი თითოეული მატჩის მოგება და პირველი ადგილის დაკავებაა.
ყურადღებით ვაკვირდებით ქოჩორაშვილის სიტუაციას. ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როგორც ვიცი, ნელ-ნელა მოედანს უბრუნდება და იმედია, ივნისში ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ისრაელს 26 მარტს თბილისში შეხვდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში დაუპირისპირდება.