თბილისი არენაზე მიმდინარე ჯუდოს დიდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
90 კგ. წონით კატეგორიაში, ლუკა მაისურაძემ ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო, საჩემპიონო ბრძოლაში კი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა და დიდ სლემებზე პირველი ოქროს მედალი დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძეს, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, დიდ სლემებზე 12 მედალი ჰქონდა მოპოვებული, თუმცა აქამდე არც ერთი ოქრო - 6-6 ვერცხლი და ბრინჯაო.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მე-3 მედალია - თორნიკე გიგაურმა (-66 კგ.) და გიორგი ლოლაძემ (-73 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
ოდნავ მოგვიანებით, +100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში იბრძოლებს ირაკლი დემეტრაშვილი, ხოლო ნიკა ხარაზიშვილსა (-100 კგ.) და საბა ინანეიშვილს (+100 კგ.) ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნებათ.