ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში რეალმა ბერნაბეუზე რაიო ვალეკანო მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. მასპინძლები ვინისიუს ჟუნიორმა დააწინაურა, რომელმაც ლამაზი გოლით შეძლო რაიოს კარის აღება.
არბელოას გუნდმა პირველი ტაიმის მოგება მოახერხა, თუმცა მეორე ტაიმი სტუმართა სწრაფი გოლით გაიხსნა. ხორხე დე ფრუტოსმა ორელიენ ჩუამენისთან ორთაბრძოლაში დასწრებაზე ითამაშა და ტიბო კურტუას გაუტანა.
მე-80 წუთზე რაიომ რთულ ვითარებაში ჩაიგდო თავი. პატე სისმა დანი სებალიოსთან უხეში თამაშის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა.
მიუხედავად ამისა, მატჩის დარჩენილ დროში რეალს გამარჯვების გოლის გატანა გაუჭირდა. მსაჯმა შეხვედრას 9 წუთი დაამატა. რეალი ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, თუმცა ბოლო წუთზე საჯარიმოში ბრაჰიმ დიასის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო პენალტი დაინიშნა.
თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კილიან მბაპე მივიდა, რომელმაც მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, რაიოს კარის დარაჯი კი საპირისპირო მხარეს გადახტა და ფრანგმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
კილიან მბაპემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 22-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას 8-გოლიანი უპირატესობით ლიდერობს.
რეალმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენა კვლავ 1 ქულაა.