კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფიფა ფეხბურთში ვიდეორეფერის ჩანაცვლებაზე ფიქრობს.
საუბარია Football Video Support (FVS) სისტემაზე, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ფეხბურთის ვიდეო მხარდაჭერა.
ეს იქნება გაცილებით მარტივი სისტემა - დამონტაჟდება 4 ან 5 კამერა და დამატებით ვიდეორეფერის ოთახებში მსაჯების საჭიროება აღარ იქნება.
ეპიზოდის გადახედვა მოხდება მწვრთნელების მოთხოვნით - თითო გუნდის მწვრთნელს ერთ მატჩში მაქსიმუმ ორი მომენტის გადახედვის მოთხოვნა შეეძლება, თუმცა თუ პირველში დამარცხდება და მსაჯის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მაშინ მეორე მოთხოვნას ავტომატურად დაკარგავს.
შესაბამისად, რეფერი ეპიზოდის გადასამოწმებლად მხოლოდ მაშინ წავა, როდესაც ამას მწვრთნელი მოითხოვს. თვითნებურად მას FVS სისტემით სარგებლობა არ შეეძლება.