უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მე-3 დღე ორი მატჩით გაიხსნა.
ბრიუგემ საკუთარ მოედანზე მონაკო მიიღო და 4-1 გაანადგურა.
მე-10 წუთზე მონეგასკებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, თუმცა აკლიუშემ პენალტი ვერ გამოიყენა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა 3 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს.
32-ე წუთზე ანგარიში ტრესოლდიმ გახსნა, 39-ე წუთზე ონიედიკამ გაზარდა სხვაობა ორამდე, 43-ე წუთზე კი ვანაკენმა გახადა ანგარიში 3-0. მეორე ტაიმში ბელგიელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 75-ე წუთზე დიახონმა გამოიჩინა თავი.
მატჩს კომპენსირებულ დროში კი ანსუ ფატიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში (4-1) დააფიქსირა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში კოპენჰაგენი ლევერკუზენს დაუპირისპირდა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა.
მე-9 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა და მასპინძლებს პირველი ტაიმი ამით მოაგებინა. 82-ე წუთზე ალეხანდრო გრიმალდომ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა აქედან 5 წუთში რობერტმა კვლავ წინ გაიყვანა დანიელები. 
მონაკოს მსგავსად გერმენელებმაც კომპენსირებულ დროში შეძლეს გოლის გატანა და ჰაციდიაკოსის გოლით დანიაში ქულა მოიპოვეს (2-2).