კობი მაინუ რუბენ ამორიმზე: წასვლის სურვილი, მძიმე დღეები და აღზევება მაიკლ კერიკთან ერთად.
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა, კობი მაინუმ, Sky Sports-თან ინტერვიუში აღიარა, რომ გუნდის ყოფილი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის დროს ოლდ ტრაფორდის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობდა. პორტუგალიელის ტაქტიკურ სისტემაში 21 წლის ფეხბურთელისთვის ადგილი არ მოიძებნა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ზაფხულში იჯარით წასვლა მოითხოვა, თუმცა კლუბმა ეს ტრანსფერი დაბლოკა. ამორიმი მიიჩნევდა, რომ მაინუ სტილით ზედმეტად ჰგავდა ბრუნო ფერნანდეშს და მას მხოლოდ სათადარიგო სკამზე ამწესებდა.
როდესაც ბევრ თამაშს არ ატარებ, ან საერთოდ არ თამაშობ, ყველაფერზე ფიქრობ. თუმცა, ჩემს გონებაში ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა მანჩესტერ იუნაიტედში თამაში და ამ კლუბში კარიერის გაგრძელება, სადაც გავიზარდე. როცა ახალი მწვრთნელი მოდის, მას საკუთარი სათამაშო სტილი აქვს და თუ ფიქრობს, რომ მას არ ერგები, ეს ასეა. ყველაფერი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, ვარჯიში იყო, რათა მას ჩემთვის სხვა თვალით შემოეხედა
სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა იანვარში, როდესაც გუნდში მაიკლ კერიკი მოვიდა. იუნაიტედის ლეგენდამ მაინუ მაშინვე დააბრუნა მოედნის ცენტრში, რამაც კლუბს დიდი წარმატება მოუტანა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, კობიმ კი ახალი მწვრთნელი განსაკუთრებით შეაქო ადამიანური მიდგომებისა და საფეხბურთო რჩევების გამო.
ფეხბურთელის პროგრესი შეუმჩნეველი არც ინგლისის ნაკრების თავკაც ტომას ტუხელს დარჩენია და მაინუ, რომელმაც კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების მთავარი კანდიდატია.
ქვიზების ლიგა დაიწყო!