მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, რაიან გიგზმა, კლუბს ჩელსის 24 წლის ვარსკვლავის, კოულ პალმერის შეძენა ურჩია.
გიგზის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა გასულ ზაფხულს ბენჟამინ შეშკოსა და სხვა თავდამსხმელებში 200 მილიონი ფუნტი დახარჯა, გუნდს მაინც სჭირდება კრეატიული ძალა, რათა მთელი შემოქმედებითი ტვირთი მხოლოდ ბრუნო ფერნანდეშს არ დააწვეს.
„ის მანჩესტერელი ბიჭია. შემადგენლობაში გჭირდება სამი ან ოთხი ფეხბურთელი, რომლებსაც თამაშის გამწვავება და ფორვარდებისთვის საგოლე შანსების შექმნა შეუძლიათ,“ - განაცხადა გიგზმა რიო ფერდინანდის იუთუბ გადაცემაში.
ვრცელდება ხმები, რომ თავად პალმერი, რომელიც ბავშვობიდან იუნაიტედის ფანია, ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში კოულმა სატრანსფერო ჭორებს უბრალოდ სიცილით უპასუხა და აღნიშნა, რომ ლონდონში თავს კარგად გრძნობს.
სანამ მისი მომავალი გადაწყდება, პალმერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ჩელსის შემადგენლობაში ის ინგლისის თასის ფინალში თავის ყოფილ გუნდს, მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ლონდონური კლუბი აცხადებს, რომ ლიდერის გაყიდვას არ აპირებს, რადგან მას კონტრაქტი 2033 წლამდე აკავშირებს.