ლივერპულის ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა, მერსისაიდული კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელის თამაში ეჭვქვეშ დააყენა იმ ეპიზოდში, როდესაც ასტონ ვილამ პრემიერ ლიგის ბოლოწინა ტურში ანგარიში გახსნა.
ლივერპული ვილაპარკზე იმ იმედით ჩავიდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებდა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი მორგან როჯერსის ბრწყინვალე გოლის გამო აგებდა. სტანდარტული მდგომარეობა კიდევ ერთხელ იქცა ლივერპულის სუსტ წერტილად, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი უკან გათამაშდა, რის შემდეგაც ის როჯერსს მიუვიდა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში დიდი სივრცე მიიღო, ბურთი ნახტომში მყოფ გიორგი მამარდაშვილს შორეულ კუთხეში აუარა და ბადეში გაახვია, რამაც კარაგერს ქართველი მეკარის მისამართით კითხვები გაუჩინა.
ქვიზების ლიგა დაიწყო!
Sky Sports-ის ეთერში მატჩის კომენტირებისას კარაგერმა აღნიშნა:
ისინი აშკარად რაღაცას გეგმავდნენ, კუთხურს ასე შორს უკან უმიზეზოდ არ ათამაშებენ. ეს აშკარად წინასწარ დანახული კომბინაცია იყო, თუმცა მორგან როჯერსისგან მაინც იდეალური დაგვირგვინება ვიხილეთ. სწორედ ამაშია ამ გოლის არსი. მან საჯარიმოში თავისუფალი სივრცე იპოვა, მანამდე კი მოედანზე თითქმის არ ჩანდა. ბურთი პირდაპირ ცხრიანში არ გაფრენილა. არ ვიცი, ზედმეტად მკაცრი ხომ არ ვარ მეკარის მიმართ, შესაძლოა მას მხედველობის არე ოდნავ დაუფარეს, მაგრამ ეს მათთვის კიდევ ერთი საჩუქარი იყო