ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ასტონ ვილასთან მტკივნეული 4-2 მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება.
ამ წაგებით მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ხელიდან გაუშვეს.
მატჩში ვირჯილ ვან დაიკმა დუბლი შეასრულა, თუმცა უნაი ემერის გუნდმა ოლი უოტკინსის ორი გოლით, მორგან როჯერსისა და ჯონ მაკგინის დარტყმებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
VIDEO: მამარდას 4 გაშვებული გოლი და მარცხი ვილა პარკზე
ეს ლივერპულისთვის სეზონში მე-12 მარცხი აღმოჩნდა, რამაც სლოტზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანებში ოპტიმიზმის ნაკლებობაა, ნიდერლანდელი სპეციალისტი თვლის, რომ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ტრავმებია (გუნდს ერთდროულად 9 პოტენციური სასტარტო მოთამაშე აკლდა). მისი თქმით, ახალი სატრანსფერო ფანჯარა და ფეხბურთელების გამოჯანმრთელება გუნდს ძველ ძალას დაუბრუნებს.
ამ გამარჯვებით ასტონ ვილამ ბოლო სამ წელიწადში მეორედ გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური და ახლა სრული კონცენტრაციით შეუძლია მოემზადოს ოთხშაბათს სტამბოლში გასამართი ევროპა ლიგის ფინალისთვის, სადაც ფრაიბურგს დაუპირისპირდება.
ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ბოლო ტურში ბრენტფორდის დამარცხება სჭირდება, თუ მანამდე კონკურენტებმა (ბრაიტონმა და ბორნმუთმა) ქულები არ დაკარგეს.