ლივერპული ახალი მეკარის მოყვანას განიხილავს, რადგან კლუბში გიორგი მამარდაშვილის თამაშით ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან.
ქართველმა მეკარემ ალისონ ბეკერის დუბლიორის როლში რთული სადებიუტო სეზონი ჩაატარა და გარკვეული კრიტიკაც დაიმსახურა, რასაც პარასკევს, ასტონ ვილასთან მარცხის (2:4) შემდეგ ახალი კითხვის ნიშნები დაემატა.
იმის ფონზე, რომ ალისონ ბეკერი სავარაუდოდ იუვენტუსში გადადის, ლივერპულს ახალი პირველი ნომერი დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი 2024 წელს გაფორმების დღიდან ალისონის მთავარ მემკვიდრედ მოიაზრებოდა, ახლა კლუბი ალტერნატიულ ვარიანტად ვერბრუგენს განიხილავს.
ლივერპულში ქართველ მეკარეს კვლავ მაღალ შეფასებას აძლევენ, თუმცა ენფილდზე არსებობს ეჭვი, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მზად ალისონის წასვლით დატოვებული უდიდესი სიცარიელის დაუყოვნებლივ შესავსებად. სწორედ ამიტომ, მერსისაიდელებმა სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ვნახოთ, ვინ დაუპირისპირდება მამარდაშვილს პირველი ნომრისთვის ბრძოლაში.