იტალიის ქალაქ გალიპოლიში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, სენიორთა შორის, 9 ტურის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლები საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან.
ქალებს შორის, +65 ასაკობრივ კატეგორიაში, ნონა გაფრინდაშვილმა მე-9 ტურში, ისრაელელ ლუდმილა ციპანსკაიასთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა, 6 ქულა მოაგროვა და საერთო ჩათვლაში მე-2 ადგილი შეინარჩუნა. მის მსგავსად, ტატიანა ბოგუმილსაც 6 ქულა აქვს და საპრიზო ადგილების ბედი ბოლო ორ ტურში გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ გალინა სტრუტინსკაიამ მსოფლიო ჩემპიონობა 2 ტურით ადრე გაინაღდა.
მამაკაცებს შორის, +50 ასაკობრივ კატეგორიაში, ჩემპიონობისთვის იბრძვის და ლიდერობას იყოფს მიხეილ კეკელიძე, რომელმაც მე-9 ტურში ფილიპინელი ანტონიო როჯელიო შავი ფიგურებით დაამარცხა და 7.5 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულა აქვს ისრაელელ ვიქტორ მიხალევსკის, ხოლო შემდეგ ბულგარელი კირილ გეორგიევი და ყაზახი მურტას კაჟგალეიევი 7-7 ქულით მოდიან.
მამაკაცთა შორის, +65 ასაკობრივ კატეგორიაში, მე-9 ტურის შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩა ზურაბ სტურუა. ქართველ მოჭადრაკეს, კიდევ 5 სპორტსმენის მსგავსად, 7 ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ინფორმაციისთვის ვთქვათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 11 ტური გაგრძელდება, შესაბამისად, ყველა კატეგორიაში სათამაშო კიდევ 2-2 ტურია.