მექს მეერდინკმა დუბლი შეასრულა და ნიდერლანდების ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩავის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოუტანა.
„ნარინჯისფერებმა“ ერთა ლიგაზე, რაიკო მიტიჩის სტადიონზე სერბეთი 2:1 დაამარცხეს.
ჩავის სადებიუტო შეხვედრაში, გერმანიის წინააღმდეგ, ნიდერლანდებს ქულის გადასარჩენად კოდი გაკპოს მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლი დასჭირდა, თუმცა მე-2 ტურში გუნდმა რთულ გამოცდას გაუძლო და 3 ქულა მოიპოვა.
მე-17 წუთზე დეიან იოველიჩმა ბარტ ვერბრუგენს პირველი სერიოზული მოგერიება შეასრულებინა, მოგვიანებით კი მეერდინკმა ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი გამოცადა. ამ ეპიზოდამდე ნიდერლანდებს ტრავმის გამო გაკპოს შეცვლა მოუწია.
ნიდერლანდებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. ალექსა ტერზიჩმა საჯარიმოში კრისენსიო სამერვილი წააქცია, დანიშნული პენალტი კი მეერდინკმა ზუსტად შეასრულა და ბურთი კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა.
სტუმრების უპირატესობის გაზრდა დენზელ დუმფრისს შეეძლო, რომელიც მეერდინკმა შესანიშნავი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა მახვილი კუთხიდან დარტყმული მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სერბეთს ანგარიშის გასათანაბრებლად მხოლოდ 54 წამი დასჭირდა. ვერბრუგენმა ჯერ ლუკა იოვიჩისა და ანდრია ჟივკოვიჩის დარტყმები შესანიშნავად მოიგერია, თუმცა საშა ლუკიჩის არაზუსტი დარტყმის შემდეგ ბურთი კვლავ იოვიჩთან აღმოჩნდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა.
რუბენ ვან ბომელმა, რომელმაც პირველ ტაიმში გაკპო შეცვალა, ბურთი ძელს გაარტყა, მოგვიანებით კი რაიან გრავენბერხის შორეული დარტყმა მილინკოვიჩ-სავიჩმა უპრობლემოდ მოიგერია. ნიდერლანდები სერბეთის კარზე ზეწოლას განაგრძობდა.
სტუმრების აქტიურობა 69-ე წუთზე შედეგიანი აღმოჩნდა. შეცვლაზე შესულმა გუს ტილმა მეერდინკს კარგი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში დაარტყა და ბურთი კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა - 2:1.
სერბეთი მალევე ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა დუშან ტადიჩის კუთხურის შემდეგ იოვიჩის თავური დარტყმა შორეულ ძელს მცირედით ასცდა.
საბოლოოდ, ჩავის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და A2 ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჩავის გუნდი მომდევნო შეხვედრასაც სტუმრად ჩაატარებს, ხუთშაბათს ნიდერლანდები საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო სანაკრებო პაუზას 4 ოქტომბერს, სერბეთთან საშინაო მატჩით დაასრულებს.