მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართულ პრემიერ ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში ჩელსი თავიდან იმედისმომცემად გამოიყურებოდა. მეორე ტაიმში გუნდმა საშინლად ითამაშა, რასაც გამანადგურებელი მარცხი მოჰყვა.
ჩელსიმ ვერ გამოიყენა სიტის სუსტი თამაში პირველ ტაიმში და ამისთვის მალევე დაისაჯა. სიტიმ სწრაფი გოლები გაიტანა. ჯერ ნიკო ო'რეილიმ შეაგდო თავით, შემდეგ კი რაიან შერკიმ საოცარი გადაცემით მარკ გუეჰის გაატანინა. საბოლოო წერტილი კი ჯერემი დოკუმ დასვა და ანგარიში 3:0 გახდა.
თუ პირველ ტაიმში ყურადღება ჩელსის გამოუყენებელ შანსებზე მახვილდებოდა, შესვენების შემდეგ აქცენტი დაცვის ჩავარდნაზე გაკეთდა. კრიტიკის მთავარი სამიზნე ვესლი ფოფანა გახდა.
სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები მას არ ინდობდნენ. ზოგი მის თამაშს სამარცხვინოს უწოდებდა, ზოგი კი ამბობდა, რომ ის ჩელსის ისტორიაში ყველაზე "ცუდად დახარჯული ფულია". ფანების ნაწილი პირდაპირ ითხოვს, რომ ფეხბურთელი ზაფხულშივე გაყიდონ, რადგან ის კლუბისთვის უსარგებლოდ მიაჩნიათ.
სიმართლე ისაა, რომ ფოფანას კარიერა ტრავმებმა შეიწირა. ლესტერ სიტიში მას ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს იმედად თვლიდნენ, თუმცა 2021 წელს ფეხი მოიტეხა და მას შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა. ჩელსიში გადმოსვლის შემდეგ მან თითქმის მთელი სეზონები გამოტოვა. წლევანდელ სეზონში ფოფანა ყველაზე მეტს თამაშობს, მაგრამ რადგან გულშემატკივრების ნდობა ვერ მოიპოვა, შესაძლოა კლუბმა მისი გაყიდვა მართლაც გადაწყვიტოს.