ხავიერ პასტორემ, ენცო ფერნანდესის აგენტმა, განახლებული ინფორმაცია გაავრცელა - ენცო ფერნანდესმა ჩელსისთან მშვიდობა დაამყარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშე შესაძლოა ამ უქმეებზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სათამაშოდ დაბრუნდეს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როზენიორმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ვიცე-კაპიტანი ფერნანდესი კლუბმა ორი მატჩით ჩამოაშორა გუნდს (ჩემპიონთა ლიგაზე პორტ ვეილთან მოგებული შეხვედრა და მომავალი მატჩი სიტისთან). მიზეზი მოთამაშის მხრიდან საკუთარ მომავალზე გაკეთებული არაერთი ინტერვიუ გახდა.
ხავიერ პასტორემ იმავე დღეს The Athletic-თან ინტერვიუში ჩელსი მკაცრად გააკრიტიკა და ამ სანქციას სრულიად უსამართლო უწოდა. კლუბთან მოლაპარაკებების შემდეგ კი აგენტმა ტონი შეცვალა და აღნიშნა, რომ ენცომ ბოდიში მოიხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მის კლიენტს ცუდი არაფერი გაუკეთებია.
ხავიერმა განაცხადა:
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მას ეს კომენტარები ჩელსისთვის პრობლემების შესაქმნელად არ გაუკეთებია. ის კაპიტანია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მან მიმდინარე სეზონში მოედანზე თავისი საუკეთესო მხარე აჩვენა. მან მხოლოდ ერთ ქალაქზე [მადრიდზე] ისაუბრა. ამას მოჰყვა ბევრი ინტერვიუ მოკლე დროში, სადაც თავის მომავალზე საუბრობდა.
გუშინ და გუშინწინ ფეხბურთელსა და კლუბს შორის მშვიდობა დამყარდა. რეალურად პრობლემა არც ყოფილა, უბრალოდ ყველაფერი განვმარტეთ. რაც მოხდა, მოხდა. ფეხბურთელს ავუხსენით, რომ მაშინაც კი, თუ ცუდი არაფერი ჩაუდენია, ასეთი რამ არ უნდა ეთქვა. ის მხოლოდ 25 წლისაა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი.
პასტორეს თქმით, ენცომ ბოდიში მოიხადა კლუბის, თანაგუნდელების, მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის წინაშე. ახლა ყველა მხარე ერთ აზრზეა და მომხდარი უბრალო გაუგებრობად შეფასდა.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ფერნანდესი განაცხადში კვირას, როდესაც ჩელსი ჩემპიონობისთვის მებრძოლ მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. პასტორემ ხაზი გაუსვა, რომ ნახევარმცველმა აუცილებლად უნდა ითამაშოს:
ენცოს თამაში სჭირდება, რადგან წინ მსოფლიო ჩემპიონატია. ჩელსისაც სჭირდება ის, რადგან გუნდის საკვანძო მოთამაშეა. ყველაფერი მოვაგვარეთ, კონფლიქტი არ არსებობს. ენცოს კონტრაქტის დასრულებამდე კიდევ 6 წელი აქვს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ.