ხუთშაბათის სატრანსფერო ჭორების მთავარი თემები ელიოტ ანდერსონის კოლოსალური ფასი, ფერმინ ლოპესის ირგვლივ შექმნილი ვითარება და არსენალის ინტერესებია.
ელიოტ ანდერსონი
ნოტინგემ ფორესტს ზაფხულში ელიოტ ანდერსონის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა ელის. ნახევარმცველი, შესაძლოა, პრემიერ ლიგის ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე გახდეს. კლუბში მოელიან, რომ ანდერსონი მანჩესტერული გრანდებიდან ერთ-ერთში გადავა, თუმცა სანაცვლოდ რეკორდულ თანხას ითხოვენ. Sky Sports-ის ინფორმაციით, ფორესტი 120 მილიონ გირვანქას ითხოვს, რაც ანდერსონს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ინგლისელ ფეხბურთელად აქცევს.
ფერმინ ლოპესი
ჩელსი კვლავ ცდილობს ფერმინ ლოპესის ხელში ჩაგდებას, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ წინა წინადადება დაბლოკა. ლონდონელები მზად არიან 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ კატალონიელები პოზიციას არ იცვლიან. ფინანსური პრობლემების მიუხედავად, 22 წლის ფეხბურთელი კამპ ნოუზე ხელშეუხებლად ითვლება.
არსენალი
მიკელ არტეტას დაცვის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერება სურს. არსენალი ესპანელი ტალანტებით, ვიქტორ ვალდეპენიასითა და ხაკობო რამონით ინტერესდება. რეალ მადრიდისა და კომოს მცველები ლონდონელთა ვარსკვლავური დაცვის შემცვლელებად მოიაზრებიან.
ჯეიმს ტრაფორდი
ჯეიმს ტრაფორდისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ტოტენჰემი ნიუკასლს მანჩესტერ სიტის მეკარისთვის ბრძოლაში შეუერთდა. ტრაფორდი ეტიჰადზე სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.
ალეხანდრო გარნაჩო
ალეხანდრო გარნაჩოს ჩელსიდან წასვლის შანსი ეძლევა. მისი ტრანსფერი დასავლეთ ლონდონში წარუმატებელი გამოდგა. ვინგერმა პრემიერ ლიგის სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. არგენტინული რივერ პლეიტი გეგმავს, ფეხბურთელი სამშობლოში იჯარით დააბრუნოს.
ენცო ფერნანდესი
კიდევ ერთი უკმაყოფილო არგენტინელი ენცო ფერნანდესია, რომელიც მზად არის კლუბს ტრანსფერზე დაყენება ოფიციალურად სთხოვოს. El Chiringuito-ს ცნობით, ენცოს ლონდონის დატოვება და ესპანეთში გადასვლა სურს, თუმცა რეალ მადრიდში ტრანსფერს ფეხბურთელის 150-მილიონიანი ფასი ართულებს.