"ჩემი სურვილი საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაა", - ზინედინ ზიდანმა ამის შესახებ იტალიურ Gazzetta dello Sport-თან საუბრისას განაცხადა.
ლეგენდარული ფრანგის თქმით, დარწმუნებულია, რომ მწვრთნელობას დაუბრუნდება, თუმცა რამდენად ეგრევე საფრანგეთის ნაკრები იქნება მისი მომდევნო სამსახური, ეს არ იცის.
"დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელობას დავუბრუნდები. ერთი, რაც მინდა, საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაა. არ ვამბობ, რომ ეს ახლავე მოხდება, მაგრამ ჩემი სურვილი ასეთია.
ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთისადმი ვნება გქონდეს და სურვილი იმისა, რომ ეს ვნება ფეხბურთელებამდე მიიტანო. მწვრთნელს გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩემი აზრით, მისი ენერგია და სურვილი 80%-ით განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წავა საქმეები", - აღნიშნა ზიდანმა, რომელმაც მადრიდის რეალი მეორედ 2021 წელს დატოვა.
წამყვანი ევროპული გამოცემების მიხედვით, ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ფავორიტია. როგორც ცნობილია, დიდიე დეშამი მამლებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ტოვებს. დეშამი ამ თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობს.