მსოფლიო ჩემპიონატი რომ მხოლოდ ნაკრებების ასპარეზის ველი არ არის არახალი ამბავია - უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე პირველობის მოსაპოვებლად ერთმანეთს მსოფლიოს უდიდესი კომპანიები და ბრენდები უპირისპირდებიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2026 წლის მუნდიალი ყოფილა - დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით თუ როგორ შეეჭიდა ანდერ არმორი ფეხბურთის გიგანტებს.
ანდერ არმორი (Under Armour) მერილენდში, 1996 წელს დაარსებული ამერიკული სპორტული ტანისსამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდია. ბრენდმა უკვე წლებია თავი დაიმკვიდრა ამერიკულ სპორტებში, ბეისბოლში, ამერიკულ ფეხბურთში, კოლეჯებსა თუ NBA-ში. 12 წლის განმავლობაში ბრენდის მთავარი ამბასადორი არც მეტი, არც ნაკლები სტეფ კარი გახლდათ.

ამერიკული ბრენდი წლების განმავლობაში ცდილობს, როგორც თავად უწოდებენ, გლობალურ ფეხბურთში ფეხის მოკიდებას. წლების მანძილზე ანდერ არმორი თანამშრომლობდა ისეთ ათლეტებთან, როგორებიც არიან ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი და მემფის დეპაი.
მაშინ როდესაც ცნობილი ფეხბურთელების სრული უმრავლესობას ადიდასი, ნაიკი და პუმა მოსავენ, არიან ვარსკვლავები, რომლებიც მეორე ეშელონის ბრენდებთან თანამშრომლობენ. ამის ნათელი მაგალითი წლევანდელი ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი კონტენდერი ჰარი კეინია. 2023 წლიდან ინგლისელი ამ სიგიჟეებს სწორედ სკეჩერსის ბუცებით ჩადის. ასევე ამერიკული ბრენდის ბუცებით თამაშობენ ისკო და მოჰამედ კუდუსი.

დიდ სამეულს გარეთ მყოფი კიდევ ერთი “მოთამაშე”, რომელიც ასევე არაერთი ვარსკვლავის ტერფებს ამშვენებს ნიუ ბალანსია. ამერიკული ბრენდი ბუკაიო საკას, ებერეჩი ეზეს, ენდრიკს, ჯერემი ფრიმპონგსა და ფოლარინ ბალოგუნ მოსავს.

ანდერ არმორს რომ დავუბრუნდეთ, კომპანია ძირითად აქცენტს საფეხბურთო ბუცებზე აკეთებს, თუმცა ბოლო წლებში, მსოფლიოს მასშტაბით უკვე შეინიშნება ამერიკული ბრენდის ეკიპირების მქონე არაერთი ნაკლებად ცნობილი გუნდი. ვერ გეტყით, სცადა თუ არა ანდერ არმორმა ევროპულ საკლუბო საფეხბურთო სცენაზე შებიჯება, მაგრამ ამ მხრივ მათთვის სასიხარულო ძვრები ჯერ არ შეინიშნება. რაც შეეხება კონკრეტულ ათლეტებს, ამ მომენტისთვის ბრენდს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ანტონიო რუდიგერი, აშრაფ ჰაკიმი, ფერან ტორესი, ფერმინ ლოპესი, პედრო პორო, ბენ უაითი, იბრაჰიმა კონატე, მალიკ ჩაო და სხვები.

“დიდი სამეულის” დომინირება 2026 წლის მუნდიალზეც გაგრძელდა - ნაიკმა, ადიდასმა და პუმამ კონკურენტები ტანის ქვედა და ზედა ნაწილებშიც დაჯაბნეს. 48 გუნდიდან 14 ადიდასის მაისურებით იწონებდა თავს, 12 ნაიკის, ხოლო 11 პუმას. ორი წარმომადგენელი ჰყავდა კელმეს - ბოსნია და იორდანია, ხოლო თითო-თითო შემდეგ ბრენდებს: რიბოკი - პანამა, უმბრო - კონგო, კაპა - ტუნისი, მარათონი - ეკვადორი, ჯაკო - ერაყი, საეტა - ჰაიტი, კაპელი - კაპო ვერდე, მარუჟი - ირანი, ხოლო 7საბერი - უზბეკეთი.

ნახევარფინალებში მხოლოდ ნაიკი და ადიდასი შემორჩნენ, ორ-ორი წარმომადგენლით და ფინალში გასვლის თანაბარი შანსით - ინგლისსა და საფრანგეთს ამერიკული ბრენდი მოსავს, ხოლო ესპანეთსა და არგენტინას გერმანული. ფინალი ადიდასის გამოვიდა, ხოლო გერმანულ დომინაციაში თავი ანდერ არმორმა წამოყო.
ამერიკული მოედნების მწვანე ფერივით ბუნებრივი გახდა მინდორზე მოფენილი ვარდისფერი ბუცები - ადიდასის, ნაიკისა თუ სხვა ბრენდების საფეხბურთო ფეხსაცმელი, რომელიც მაყურებელს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდა.

ვარდისფერი დომინაციის პირობებში სცენაზე ანდერ არმორი ავიდა. ერთმა ანდერ არმორიანმა ჩააწოდა, ხოლო მეორემ ესპანელთა შეტევა ისტორიული გოლით დაასრულა.
ამერიკულმა ბრენდმა ინსტაგრამ გვერდზე ფერან ტორესის გოლის დროს გადაღებული ფოტო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა:
"ჩემპიონის ბუცები ვარდისფერი არ არის"
