აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაცია (USTA) მოთამაშეებს პროფესიონალური ჩოგბურთის ისტორიაში კვლავ ყველაზე დიდ საპრიზო და საკომპენსაციო პაკეტს სთავაზობს.
2026 წლის US Open-ზე მისი საერთო მოცულობა 108 მილიონ დოლარს მიაღწევს.
ეს მაჩვენებელი 20%-ით აღემატება 2025 წლის US Open-ზე დაფიქსირებულ წინა რეკორდს - 90 მილიონ დოლარს. ამგვარად, საპრიზო ფონდი ზედიზედ მეორე წელია 20%-ით იზრდება, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში მოთამაშეთა საერთო კომპენსაცია 44%-ით არის გაზრდილი.
ტურნირის მონაწილეები მნიშვნელოვან ფინანსურ ზრდას მიიღებენ. მათ შორის, დიდი სლემის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა გადაეცემათ ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში გამარჯვებულებს - 5.5 მილიონი დოლარი, ხოლო პირველ წრეში მონაწილეობისათვის მოთამაშეები 140 000 დოლარს მიიღებენ.
საკომპენსაციო პაკეტი ასევე მოიცავს მოთამაშეთა მხარდაჭერის ახალ პროგრამას (Player Support Program), რომლის საწყისი ბიუჯეტი 2026 წელს 2 მილიონი დოლარი იქნება და თანაბრად განაწილდება კაც და ქალ ჩოგბურთელებს შორის.
2026 წლის ტურნირზე საპრიზო თანხების მნიშვნელოვანი ზრდის მთავარი დეტალები:
ქალთა და კაცთა ერთეულთა თანრიგის ჩემპიონები 5.5 მილიონ დოლარს მიიღებენ - ეს ჩოგბურთის ნებისმიერი ტურნირის ისტორიაში ჩემპიონისთვის დაწესებული ყველაზე დიდი საპრიზო თანხაა;
ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში პირველი წრის საპრიზო თანხა 27%-ით გაიზრდება და 140 000 დოლარს მიაღწევს, რაც დიდი სლემის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია;
ქალთა და კაცთა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში საპრიზო თანხა 16%-ით გაიზარდა და 32 000 დოლარი გახდა;
კაცთა, ქალთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში ჩემპიონები თითო გუნდზე 1 მილიონ დოლარს მიიღებენ.