მანჩესტერ სიტისა და პრემიერ ლიგას შორის მიმდინარე სამართლებრივი ომი კულმინაციას აღწევს - საფეხბურთო სამყარო 115 ფინანსური დარღვევის საქმეზე საბოლოო განაჩენს ელოდება.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები და კრიტიკოსები კლუბის უმკაცრესად დასჯას, კერძოდ კი ჩემპიონშიპში დაქვეითებას ითხოვენ, სულ უფრო მეტი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მმართველ ორგანოს ამის გაბედვის გამბედაობა არ ეყოფა.
ყოფილმა სკაუტმა ბრაიან კინგმა Football Insider-თან ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ სიტის გავლენა მათ ხელშეუხებელს ხდის, სიმბოლურ ჯარიმებს კი აზრი არ ექნება:
ერთადერთი გზა, რითაც მათ ჭკუას ასწავლიდი, ჩემპიონშიპში გაგდებაა. მაგრამ ეს არ მოხდება, ხომ ასეა? თუ მათ დიდ თანხას დააკისრებენ, მერე რა? გადაიხდიან. თუნდაც აბსურდული, 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმა გამოუწერონ, განა ეს მათ შეაჩერებს? ყველაზე მძიმე დარტყმა ქულების დაკლება და დაქვეითება იქნებოდა. თუმცა მანჩესტერ სიტი ზედმეტად ძლიერია პრემიერ ლიგაში და მთელ ინგლისში. ყველას დიდი სიამოვნებით სურს ამ სასჯელის ნახვა, მაგრამ კითხვა სხვაა: არიან კი პრემიერ ლიგა ან საფეხბურთო ასოციაცია (FA) საკმარისად ძლიერები ამის გასაკეთებლად? გულახდილად გეტყვით, მე ასე არ ვფიქრობ
მიუხედავად გარე წნეხისა, სიტის ხელმძღვანელობა სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებს. კლუბის თავმჯდომარე ხალდუნ ალ-მუბარაკი აცხადებს, რომ სანამ საბოლოო ვერდიქტი არ დაიდება, კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა სიმართლის დამტკიცების შემდეგ ყველაფერს ხმამაღლა იტყვის.
დამოუკიდებელი კომისია ამჟამად გადაწყვეტილების ტექსტზე მუშაობს და ვერდიქტი მალე გასაჯაროვდება. ეს გადაწყვეტილება ან მთლიანად შეცვლის ინგლისური ფეხბურთის ფინანსურ წესებს, ან პრემიერ ლიგის ავტორიტეტს საბოლოოდ დაასამარებს.