მანჩესტერ სიტიმ მომავლის ნახევარდაცვის დასაკომპლექტებლად გიგანტური ნაბიჯი გადადგა და ნოტინგემ ფორესტის ვარსკვლავ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერზე ბრიტანული სარეკორდო თანხა შეათანხმა.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ეტჰადზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, რითაც კლუბი პეპ გვარდიოლას წასვლის შემდგომი ეპოქისთვის მზადებას იწყებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, ანდერსონი მანჩესტერ სიტისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს (კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით), მისი ხელფასი კი კვირაში დაახლოებით 300 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, თუ ყველა ბონუსის პირობა შესრულდება.
ამ ტრანსფერით მანჩესტერ სიტი ბრიტანულ სატრანსფერო რეკორდს დაამხობს - კლუბი ფეხბურთელში ფიქსირებულ 116 მილიონ გირვანქას ($153 მლნ) გადაიხდის, ყოველგვარი დამატებითი ბონუსების გარეშე. ეს თანხა აჭარბებს ჯეკ გრილიშში 2021 წელს გადახდილ 100 მილიონს და ანდერსონს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ბრიტანელ მოთამაშედ აქცევს. ნოტინგემ ფორესტისთვის ეს ფანტასტიკური ბიზნესია, რადგან მათ ფეხბურთელი 2023 წელს ნიუკასლიდან მხოლოდ 35 მილიონად შეიძინეს.
ნახევარმცველი ამჟამად აშშ-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც ტომას ტუხელის გუნდში ხორვატიისა და განას წინააღმდეგ ძირითადში ითამაშა. ინგლისის ნაკრები მეტლაიფ სტადიონზე პანამასთან მატჩისთვის ემზადება, თუმცა ანდერსონს ნება დართეს, პარასკევს ნიუ-იორკში სამედიცინო შემოწმება გაიაროს, რათა ტრანსფერის ფორმალობები ოფიციალურად დასრულდეს. მას შემდეგ, რაც ბერნარდუ სილვა მადრიდის რეალში გადავიდა, მანჩესტერ სიტიმ ანდერსონი მთავარ სამიზნედ აქცია და მანჩესტერ იუნაიტედთან სატრანსფერო რბოლაში გაიმარჯვა.