ისლამ მახაჩევის გუნდის ახალწვეული სადებიუტო ბრძოლამდე ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოირჩევა.
აბუ დაბიში გასამართ UFC-ის ღონისძიებაზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა მაგომედ ზაინუკოვის ოქტაგონზე გამოჩენაა. მებრძოლი, რომელიც სოციალურ ქსელში გაუგებრობის გამო ჯონ პორკის მეტსახელით გახდა ცნობილი, პოლონელ დამიან ჟეპეცკის უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის დაღესტანელი მსუბუქი წონის საჩემპიონო რბოლისგან ჯერ ძალიან შორსაა, ის ტოპ მებრძოლების მისამართით სიტყვიერ თავდასხმებს უკვე იწყებს.
მსუბუქ წონაში ზაინუკოვს უკვე 8-0 რეკორდი აქვს. მან UFC-ის კონტრაქტი დანა უაითის პრეტენდენტთა სერიაში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა. ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის გუნდი ელოდება, რომ ჩანკო მსოფლიოს უდიდეს ორგანიზაციაში მყისიერ რეზონანსს გამოიწვევს. თუმცა, ოქტაგონზე შესვლამდე მან ყურადღება მორიგი სკანდალური ინტერვიუთი მიიქცია.
Red Corner MMA-სთან საუბრისას დაღესტანელს ცნობილ მებრძოლებზე ასოციაციური თამაში შესთავაზეს. ჩარლზ ოლივეირასა და დასტინ პორიეს მან პატივისცემით ბრაზილიელი ცხენი და ბრილიანტი უწოდა, თუმცა სხვებზე იგივე ნამდვილად არ ითქმის.
ილია თოფურია მან პირდაპირ ჯამბაზად მოიხსენია. ჯასტინ გეიჯის ტექნიკა ეჭვქვეშ დააყენა და მას დარტყმებისგან გამოშტერებული უწოდა, ხოლო არმან ცარუკიანს ბოლოდროინდელი პასიურობის გამო უბრალოდ ბლოგერი დაარქვა.
მაგომედ ზაინუკოვი UFC-ის ყველაზე კონკურენტუნარიან და რთულ, მსუბუქ წონაში იწყებს ასპარეზობას, სადაც ნამდვილი ზვიგენები ცურავენ. თუმცა მას ზურგს უდიდესი გამოცდილების მქონე გუნდი უმაგრებს და ხაბიბისა და მახაჩევის დახმარებით, ახალწვეული მწვერვალების დაპყრობას უმოკლეს დროში გეგმავს.