საბრძოლო სპორტის სამყაროში ახალი, ძალიან საინტერესო ორგანიზაცია ჩნდება.
მას შემდეგ, რაც UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა კრივის პრომოუშენის (Zuffa Boxing) განვითარებაზე გააკეთა აქცენტი და ტაილანდური კრივის ლიგის შექმნაზე უარი თქვა, საქმეში UFC-ის ყოფილი მებრძოლი, მეტ ბრაუნი ჩაერთო.
UFC-ის ცნობილი კომენტატორი, ჯო როგანი დიდი ხანია ითხოვდა ამერიკაში ისეთი ლიგის შექმნას, სადაც მებრძოლები მცირე ზომის (4-უნციიანი) ხელთათმანებით, მხოლოდ დგომში იჩხუბებდნენ. როგანმა დანა უაითს არაერთი ვიდეო გაუგზავნა და მარტივი არგუმენტიც მოუყვანა:
„როცა ბრძოლა პარტერში გადადის და მოსაწყენი ხდება, ხალხი სტვენას იწყებს. ასეთი ჩხუბები (მხოლოდ დგომში) კი არასდროსაა მოსაწყენი.“
მას შემდეგ, რაც უაითმა ამ იდეის განხორციელება არ ისურვა, მეტ ბრაუნმა საკუთარი პროექტის, Immortal Fighting Championship-ის დაფუძნება დააანონსა.
ახალ ორგანიზაციაში იქნება მხოლოდ სტრაიკინგი და არანაირი გრეპლინგი. ორთაბრძოლები, ძირითადად, ტაილანდური კრივის წესებით წარიმართება. გარდა ამისა, ბრაუნი აპირებს თანამედროვე საბრძოლო სპორტში არსებული ბევრი პრობლემის მოგვარებას. მაგალითად, შეიქმნება სპეციალური ხელთათმანები თვალში თითის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ჩხუბები კი გალიის ნაცვლად, სავარაუდოდ, ტრადიციულ რინგზე ჩატარდება.