ნეიმარი ბრუნდება: ანჩელოტიმ შოტლანდიასთან 90 წუთისთვის მისი მზადყოფნა დაადასტურა
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ნეიმარმა წვივის ტრავმა სრულად მოირჩინა. ის მზად არის შოტლანდიის წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სრული 90 წუთი ითამაშოს.
სრული მზადყოფნა ტრავმის შემდეგ
ნეიმარმა ტრავმის გამო მაროკოსა და ჰაიტისთან შეხვედრები გამოტოვა, თუმცა ამ კვირაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. 34 წლის შემტევი, რომელიც ამჟამად სანტოსის ღირსებას იცავს, მოედანზე პირველივე წუთებიდანვე გამოჩნდება.
ის მზადაა სათამაშოდ. შეუძლია ტაიმიც ჩაატაროს და სრული 90 წუთიც. ნეიმარი ბევრს შრომობდა, იდეალურ განწყობაზეა და სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმაროს გუნდს. მას ნაკრებისთვის უდიდესი გამოცდილება მოაქვს
რაფინიას ტრავმა და შოტლანდიის ბარიერი
ნეიმარის დაბრუნება ბრაზილიისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ჰაიტისთან მატჩში ბარსელონას შემტევმა, რაფინიამ კუნთის ტრავმა მიიღო და უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს.
ანჩელოტიმ მეტოქეზე საუბრისას აღნიშნა, რომ სტივ კლარკის გუნდი ორგანიზებული და მებრძოლია, განსაკუთრებით კი სკოტ მაკტომინეი და ჯონ მაკგინი გამოყო: „მსოფლიო ჩემპიონატზე იოლი თამაშები დიდი ხანია დამთავრდა“. ბრაზილიას ჯგუფში პირველი ადგილის გასანაღდებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.