იურგენ კლოპმა შესაძლოა რედ ბულის ფეხბურთის გლობალური დირექტორის პოსტი დატოვოს.
გერმანელი სპეციალისტი ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მხოლოდ 14 თვის შემდეგ დგას წასვლის საფრთხის წინაშე.
L'Equipe-ს ცნობით, ამის მიზეზად კლოპის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები სახელდება, რომლებმაც კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების კრიტიკა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ კლოპის მისვლა რედ ბულის სისტემაში დიდ პროექტად განიხილებოდა, რეალობა მოლოდინებისგან განსხვავებული აღმოჩნდა.
გავრცელდა ინფორმაცია პოტენციური შემცვლელის შესახებაც. სავარაუდოა, რომ სეზონის ბოლოს კლოპის ადგილს ოლივერ გლასნერი დაიკავებს, რომელიც ამჟამად კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელია. გლასნერისთვის რედ ბულის სტრუქტურა უცხო არ არის და მას სისტემის მართვის დიდი გამოცდილება აქვს.
მართალია, რამდენიმე დღის წინ ასეთივე ინფორმაცია რედ ბულის მმართველობაში უკვე საჯაროდ უარყვეს, თუმცა რეალობა შესაძლოა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს.