ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედს რაშფორდის თაობაზე მოულოდნელ გამოსავალს სთავაზობს.
ბარსელონა აპირებს, მანჩესტერ იუნაიტედს მარკუს რაშფორდის კიდევ ერთი წლით იჯარით დატოვება სთხოვოს, ნაცვლად მისი სრულფასოვანი ტრანსფერისა. ინგლისელმა შემტევმა კატალონიურ კლუბში მიმდინარე საიჯარო პერიოდი საკმაოდ დადებითად გაატარა, თუმცა ბლაუგრანა ჯერჯერობით არ ჩქარობს მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 26 მილიონი ფუნტის გადახდას.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ბარსელონა დარწმუნებულია, რომ მანჩესტერულ კლუბს იჯარის გახანგრძლივებაზე დაითანხმებს. ოდნავ გასაკვირია, რომ კატალონიელები ასეთ შეღავათიან ფასადაც კი არ ყიდულობენ ფეხბურთელს, თუმცა იუნაიტედისთვისაც შესაძლოა ეს ვარიანტი უფრო მისაღები აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა მყიდველის ძებნა.
მარკუს რაშფორდის სტატისტიკა ბარსელონაში
მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული ბოლო პერიოდისგან განსხვავებით, ნოუ კამპზე რაშფორდმა ძველი ფორმა დაიბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკის სასტარტო შემადგენლობაში ყოველთვის ვერ ხვდება.
28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც იმის ფონზე, რომ ძირითადში მხოლოდ 21-ჯერ იყო, შესანიშნავი მაჩვენებელია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ის საშუალოდ ყოველ 97 წუთში ერთხელ იტანს.
რაშფორდი ბარსელონასთვის ნამდვილ სუპერ-სათადარიგოდ იქცა. მისი მრავალმხრივობა ფლიკს საშუალებას აძლევს, ის სიტუაციის მიხედვით როგორც ფლანგზე, ისე ცენტრალურ თავდამსხმელად გამოიყენოს.
მართალია, სტატისტიკურად ის ლამინ იამალსა და რაფინიას ჩამორჩება, თუმცა ბარსელონასთვის მისი გუნდში დატოვება გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. როგორც ჩანს, კატალონიური გრანდის ფინანსური სირთულეები კვლავ დღის წესრიგშია, რაც ხელს უშლის კლუბს, ფეხბურთელის გამოსასყიდად საჭირო თანხა ახლავე გადაიხადოს.
