ატლეტიკო მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში ტოტენჰემთან 2:3 დამარცხდნენ, გასულ კვირას რიად ეარ მეტროპოლიტანოზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება (5:2) სრულიად საკმარისი აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად.
Diario AS-ის ინფორმაციით, დიეგო სიმეონემ კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული შედეგით, თუმცა აღნიშნა, რომ წინ გაცილებით რთული ბრძოლები ელის.
ახლა სიხარულის დროა. როგორც კლუბი და როგორც გუნდი, ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს გულშემატკივრებს მეოთხედფინალში გასვლით იმედები გავუმართლეთ. გზა, რომელიც წინ გველის, რთული იქნება. ზუსტად ისეთივე, როგორიც ფინალამდე მისასვლელად აქამდე გაგვივლია. მოგვიწევს ბრძოლა ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ალბათ, ევროპაში საუკეთესო შემტევ გუნდს ვუპირისპირდებით, მაგრამ ჩვენი ენთუზიაზმი და ბრძოლისუნარიანობა უცვლელია.
სიმეონე: ხულიან ალვარესი ტოტენჰემთან საოცარი იყო
არგენტინელმა სპეციალისტმა განსაკუთრებით გამოყო ხულიან ალვარესის თამაში, რომელმაც ტოტენჰემის წინააღმდეგ გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
„მისი მატჩი დაუჯერებელი იყო. თამაშის ხედვა, შრომისმოყვარეობა და დეტალების სწორი ინტერპრეტაცია. მან გაიტანა ბრწყინვალე გოლი და შეტევაში ისეთი მუხტი შემოიტანა, რომლის წყალობითაც ყოველთვის გვქონდა მომენტის შექმნის შანსი“.
ატლეტიკო მადრიდი ბარსელონას წინააღმდეგ: ევროპის საუკეთესო თავდასხმა
მეოთხედფინალში მადრიდელებს კარგად ნაცნობი მეტოქე, ბარსელონა ელოდებათ. სიმეონეს ილუზიები არ აქვს და კარგად ესმის, თუ რამდენად რთული იქნება კატალონიელთა ბარიერის გადალახვა.
ჩვენ შევეცდებით კონკურენცია გავუწიოთ ბარსელონას. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი შეტევაში ევროპის საუკეთესო გუნდი არიან. მათ წინააღმდეგ მეოთხედფინალში თამაში უმაღლესი დონეა და ეს ჩვენგანაც მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს.