მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავის, მაიკლ ოლისეს გარშემო სატრანსფერო ჭორები არ წყდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალი ფრანგი შემტევისთვის გრანდიოზულ წინადადებას ამზადებს, რასაც საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამიც გამოეხმაურა. 57 წლის სპეციალისტს პერესის ინტერესი არ აკვირვებს.
ოლისეს ტრანსფერის თემა რეალში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე გააქტიურდა. ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მზად არის ერთ-ერთ ტოპ ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს, მედია კი იუწყება, რომ ეს მოთამაშე სწორედ ოლისეა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი 24 წლის ფეხბურთელს ხელშეუხებლად მიიჩნევს და ული ჰიონესის თქმით, კლუბი 200 მილიონიან წინადადებებსაც არ განიხილავს, დეშამი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდი ნებისმიერ გრანდში გაბრწყინდება.
დეშამმა აღნიშნა, რომ ოლისე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და თავად გადაწყვეტს, რა არის მისი კარიერისთვის უკეთესი - მიუნხენში დარჩენა თუ გარემოს შეცვლა. ნაკრების მწვრთნელმა იქვე იხუმრა, რომ ვინსენტ კომპანისა და ბაიერნის პრეზიდენტის ადგილზე, ფეხბურთელს გუნდიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა.
მადრიდის რეალის მხრიდან ოფიციალური ნაბიჯები კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.