ესპანელმა ჟურნალისტმა რამონ ალვარეს დე მონმა მადრიდის რეალის მომავალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო მოთხოვნების სია გაასაჯაროვა.
პორტუგალიელ სპეციალისტს შემადგენლობის გაძლიერება რამდენიმე პოზიციაზე სურს და კლუბის ხელმძღვანელობას კონკრეტული ფეხბურთელების გვარები უკვე წარუდგინა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, სიის სათავეში მყოფი ორი ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია. მოურინიოს მოთხოვნით, რეალი ლივერპულის ცენტრალურ მცველს, იბრაჰიმა კონატეს და ინტერის მარჯვენა მცველს, დენზელ დუმფრისს გააფორმებს. ორივე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მათი ტრანსფერები ფლორენტინო პერესის ხელახალი არჩევის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდება.
სიაში მომდევნო სამიზნე არსენალის იტალიელი მცველი რიკარდო კალაფიორია. მოურინიოს მისი მრავალმხრივი სათამაშო სტილი ხიბლავს, ვინაიდან იტალიელს როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში.
გარდა ამისა, მწვრთნელის მთავარი სურვილი ბერნარდუ სილვას დამატებაა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მანჩესტერ სიტი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მოურინიო მის გარშემო ნახევარდაცვის ხაზის აწყობას გეგმავს.
რაც შეეხება სიის მეხუთე წევრს, ვესტ ჰემის ნახევარმცველი მათეუს ფერნანდესი მადრიდელთა სამიზნე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ გუნდს ორელიენ ჩუამენი დატოვებს. ჩუამენის შესაძლო წასვლის შემთხვევაში, მოურინიო მის პირდაპირ შემცვლელად სწორედ ფერნანდესს განიხილავს.