დღეს 16 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები აჭარაბეთ არენაზე ერთა ლიგის მე-5 ტურში უკრაინას უმასპინძლებს.
დღევანდელ შეხვედრას ვილი სანიოლის ბიჭებისთვის და მთელი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენს ჯგუფში სიტუაცია აბსოლუტურად გახსნილია და ყველა გუნდს ყველაფრის შანსი აქვს - დარჩენილი ორი ტური გაარკვევს ჯგუფის როგორც პირველ, ისე მეორე, მესამე და მეოთხეადგილოსანს. თანაც, ყველა პოზიციას თავისი დატვირთვა აქვს.
თუ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ორივე დარჩენილ მატჩს თავისთვის სასიკეთოდ დაასრულებს, მაშინ პირველ ადგილზე გავა და A დივიზიონში შეძლებს ასვლას, მეორე ადგილზე გასვლით A დივიზიონში გადასასვლელ პლეი-ოფის მატჩში მონაწილეობას გავინაღდებთ.
მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში B დივიზიონში დარჩენის პლეი-ოფში მოგვიწევს მონაწილეობა, ხოლო თუ სიტუაცია ცუდად განვითარდა და მე-4 ადგილზე გავედით, მაშინ პირდაპირ C დივიზიონში დავქვეითდებით.
უკრაინასთან მატჩს დამატებით მნიშვნელობას ის სძენს, რომ წინა ტურში, საშინელ მოედნის საფარზე სერგეი რებროვის გუნდთან დავმარცხდით - პოლონეთში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ჩელსის შემტევმა, მიხაილო მუდრიკმა გაიტანა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში ვეღარ გავათანაბრეთ.
მთლად იმედისმომცემი არ არის უკრაინასთან ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც, რომლისთვისაც ისტორიაში არ მოგვიგია - 10 გამართული მატჩიდან ფრედ 3 დასრულდა, 7 კი წავაგეთ.
უშუალოდ საქართველოში გამართულ მატჩებს რაც შეეხება - უკრაინა ჩენთან სტუმრის რანგში ოთხჯერ ჩამოვიდა - სამჯერ ფრე ვითამაშეთ (0:0, 1:1, 1:1) და ერთხელ დავმარცხდით (0:1), თუმცა ეს მარცხი შორეულ 1999 წელს მოხდა.
4 ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი ჩეხეთია 7 ქულით, ჩვენს ნაკრებს, ალბანეთის მსგავსად, 6 ქულა აქვს, თუმცა მეორე პოზიციაზე უკეთესი ბურთების სხვაობის გამო ვიმყოფებით, უკრაინას კი 4 ქულა აქვს და კვარტეტში ბოლო ადგილს იკავებს.
რაც შეეხება დანაკლისს, ის დაცვის ხაზში გვაქვს - ძირითადი შემადგენლობის წევრებიდან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლაშა დვალი გამოტოვებს. ასევე, ბოლო მომენტში დაზიანების გამო განაცხადიდან საბა გოგლიჩიძე ამოვარდა. სხვა მხრივ, სანიოლს საუკეთესო თერტმეტეულის გაყვანა შეეძლება მოედანზე.
საქართველო - უკრაინის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მისი ყურება პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგეძლებათ.