გავრცელდა წერილი, რომელსაც დინამო არენას დირექტორი თემურ პირტახია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს უგზავნის.
"თქვენი 05.08.24 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი (დინამო არენა) მზადაა მიიღოს 2024 წელს გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩები.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სტადიონზე 2024 წლის მარტში ჩატარდა უეფას ეგიდით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები. აგრეთვე 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 3 ჯგუფური და 1 მეოთხედფინალური მატჩი.
დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ დინამო არენა შედგება ორი დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან. პირველი იარუსი იტევს 12995 მაყურებელს, მეორე იარუსი 40897 მაყურებელს, ხოლო ვიპ ლაუნჯი და სკაი ბოქსები ჯამურად 772 მაყურებელზეა გათვლილი.
ვინაიდან დინამო არენას პირველი იარუსი ექსპერტის მოსაზრებით საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე გთავაზობთ ისარგებლოთ მხოლოდ მეორე იარუსით, ასევე ვიპ ლოჟითა და სკაი ბოქსებით, რომლითაც შეძლებთ 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას." - წერია წერილში.
7 სექტემბერს ერთა ლიგის პირველი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომლის ტევადობაც 27223 მაყურებელია.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან ერთ საათში სრულად გაიყიდა.