საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 26 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს საბერძნეთში გამართავს, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
მომავალი შეხვედრების მნიშვნელობაზე ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ ისაუბრა:
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის. თუ საბერძნეთს მოვუგეთ, სამ დღეში პორტუგალიასთან გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ნაადრევად ვინაღდებთ. ხოლო საბერძნეთთან წაგების შემთხვევაში 29-ში პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგები თამაში გვექნება, რომ თებერვლის ფანჯარაში მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ.
კალათბურთელის თქმით, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა გუნდი საბერძნეთში მხოლოდ მოსაგებად მიდის:
რაც შეეხება კაპიტანს, უკვე მივეჩვიეთ თორნიკე შენგელიას გმირობებს. ახლაც ჯერ ევროლიგაზე ითამაშებს, შემდეგ ათენში გადმოფრინდება და საბერძნეთთან დაგვეხმარება. ეს სასწაულის ტოლფასია. ბიჭებსაც მეტ მოტივაციას გვაძლევს.