ფეხბურთი გულშემატკივრებისთვის უბრალო სპორტსა და გასართობ თამაშზე მეტი რომაა, ყველას კარგად მოეხსენება. კლუბების ისტორიიდან დაწყებული თუ ქომაგთა საყვარელი გუნდების გამამხნევებელი შეძახილებისა და სათამაშო რიტუალებიდან დამთავრებული, გუნდები და სტადიონები მეხსიერების, იდენტობისა და ისტორიული ტრავმის მოგვარების საშუალებებადაცაა ქცეული. ფეხბურთის ბევრი მოყვარულისთვის ალბათ საინტერესო იქნება, როგორ და როდის გახდა ფეხბურთი ფილოსემიტიზმისა და ანტისემიტიზმის საასპარეზო სცენად.
ტერმინი „ებრაული კლუბი“ ბრჭყალებში ჩასასმელია, რათა ხაზი გაესვას განსხვავებას ქვეყანა ისრაელის კლუბებსა და ევროპაში დაარსებულ იმ კლუბებს შორის, რომლებიც ებრაულ იდენტობას ატარებენ. ეს ყველაფერი მიუთითებს წარსულსა და აწმყოს შორის კომპლექსურ კავშირებზე, მეხსიერების კულტურასა და კოლექტიურ იდენტობებს შორის, ასევე განსხვავებას - ისტორიულ და თანამედროვე ანტისემიტიზმზე.

ევროპის არაერთ ქვეყანაშია ებრაული სათვისტომოსა თუ დიასპორის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო კლუბები, მაგალითად: ვენის „ჰაკოა“, ვენის „მაკაბი“, ბუქარესტის „მაკაბი“, ანტვერპენის „მაკაბი“, ვარშავის „მაკაბი“ და სხვა, თუმცა ებრაული იდენტობის მქონეა ისეთი დიდი და პოპულარული გუნდები, როგორებიც მიუნხენის „ბაიერნი“, ვენის „აუსტრია“, ამსტერდამის „აიაქსი“ და „ტოტენჰემ ჰოტსპური“ არიან.
„რეკორდმაისტერის“ მაგალითის შემთხვევაში ორი ისტორიული მომენტის გამოყოფა შეიძლება: პირველი, როდესაც უკიდურესად ანტისემიტური ნაცისტების რეჟიმი დაემხო და მეორე, რომელიც 1997 წლიდან დღემდე გრძელდება. ათწლეულების განმავლობაში მიუნხენურ გრანდს პრაქტიკულად დავიწყებული ჰქონდა ებრაელების მიერ კლუბისთვის შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. გერმანელ-ებრაელ სოციოლოგსა და ფილოსოფოსს, თეოდორ ადორნოს, იგივე თეოდორ ვიზენგრუნდს თუ დავესესხებით, საზოგადოებრივ თემებში დავიწყება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც - დამახსოვრება. ამ გაგებით, პირველი ფაზა „რეკორდმაისტერში“ მეხსიერების არარსებობის პერიოდი იყო, 2009 წელს სტადიონის სამხრეთ ტრიბუნაზე ფან-კლუბ „შიკერია მიუნხენის“ მიერ წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა აქციამ კი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო კურტ ლანდაუერის, 1913-1951 წლებში მიუნხენური კლუბის ებრაელი პრეზიდენტის მნიშვნელობაზე და ყველას შეახსენა ბავარიელთა „ებრაული გუნდის“ იდენტობა, რომელიც მივიწყებული იყო.


ვენის „აუსტრიის“, როგორც „ებრაული კლუბის“ განხილვას კულტურულ კოდამდე მივყავართ. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში კლუბს სტერეოტიპულად შეერწყა მთელი რიგი ებრაული მახასიათებლები, კოსმოპოლიტიზმი, სოციალური ყოფა, წარმომავლობის ფესვების გამყარება თუ მივიწყება და ა.შ.
ადოლფ ჰიტლერის საზარელი ანტისემიტიზმის პირველი და ყველაზე დიდი საფეხბურთო მსხვერპლი ხომ სწორედ „აუსტრიაა“ - ლეგენდარული მათიას შინდელარის მშობლიური საყოველთაოდ ცნობილი „ებრაული კლუბი“, ქვეყნის 24-გზის ჩემპიონი, რომელიც თავის უთვალავ გულშემატკივრებს შორის დღესაც აგრძელებს ნეო-ნაცისტებთან ბრძოლას.
ამსტერდამული გრანდის გულშემატკივრების ებრაული იმიჯი ყველასათვის ცნობილია, ტრიბუნებზე ისრაელის დროშებისა და დავითის ვარსკვლავის სიმბოლოკის გამოფენითა თუ ებრაული „ჰავა ნაგილას“ შეძახილებით.

1970-იან წლებში, ნიდერლანდებში ფილოსემიტიზმიცა და ანტისემიტიზმიც ბევრ საზოგადოებრივ წრეში გახდა მიმზიდველი, როდესაც ჰოლოკოსტის შესახებ არაერთგვაროვანი წარმოდგენა და აღქმა გაჩნდა. გულშემატკივრებში ებრაული კულტურა ამ დროს განვითარდა, თავდაპირველად ერთგვარი კარნავალური სახით, მაგრამ წლების განმავლობაში „აიაქსის“ ფანებში ფილოსემიტიზმმა კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და დღეს ებრაული იდენტობა ჰოლანდიური გრანდის განუყოფელი ნაწილია.

ცნობილია, რომ „ტოტენჰემის“ გულშემატკივრები 1978 წლიდან მოყოლებული, მეტოქე გუნდის ფანების მიერ ანტისემიტურ შეურაცხყოფაზე საპასუხოდ, საკუთარ თავს „იდის არმიას“ (Yid Army) უწოდებენ. ლონდონური გუნდის „ებრაულ კლუბად“ თვითშეფასება რამდენიმე ისტორიას ეფუძნება: ინგლისისა და ნაცისტური გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის 1935 წელს სწორედ „დეზების“ სტადიონ „უაიტ ჰარტ ლეინზე“ გამართული მატჩი (3:0); სტადიონის გარშემო არსებული ებრაული დასახლება; 1960-იანი წლების ბოლოდან 1980-იან წლებამდე არსებული გულშემატკივრების ხულიგნური კულტურა; ფანებში, სტაფსა და მოთამაშეებს შორის ებრაელთა არსებობა (მიკი დულინი, დენიელ ლევი, რონი როზენტალი, უორენ მიჩელი) და ა.შ.

საბოლოო სიტყვად, თანამედროვე ეპოქაში „ებრაული კლუბის“ სახელის ტარება რთული და კომპლექსურია, რომელიც ბევრ კითხვასაც აჩენს: როგორ მუშაობდა ებრაული იდენტობა ქომაგთა კულტურაში წარსულში და დღეს? რომელმა სოციალურმა ან პოლიტიკურმა ცვლილებებმა იქონია გავლენა იმაზე, თუ როგორ იძენენ და იღებენ გულშემატკივრები ებრაულ იდენტობას? როგორ შეიძლება დაგვეხმაროს გულშემატკივრების კულტურის ისტორიის გაგება სპორტულ საზოგადოებებში ცრურწმენების ამოცნობასა და დიალოგის ხელშეწყობაში და მისთ.
ამ ყველაფერზე თანამედროვე მკვლევარების, მეცნიერების, ისტორიკოსების, ლექტორთა და სოციოლოგთა ნაშრომებიც კი არსებობს, რომელიც სწორედ საფეხბურთო ასპექტში განიხილავს ებრაულ და ანტი-ებრაულ განწყობებს, კულტურასა და დამოკიდებულებებს.
