„მოთამაშეზე უფრო მეტად გავბრაზდებოდი“, - ასე გამოეხმაურა ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, რეალ მადრიდის პროტესტს ედუარდო კამავინგას გაძევებასთან დაკავშირებით.
ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ბარსელონაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიუნხენში მომხდარი სკანდალური ეპიზოდი შეაფასა. მატჩის 86-ე წუთზე მსაჯმა, სლავკო ვინჩიჩმა, კამავინგას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რადგან ფრანგმა ბურთი დაიჭირა და ბაიერნს თამაშის სწრაფად განახლების საშუალება არ მისცა.
„მწვრთნელი რომ ვიყო, მოთამაშეზე უფრო მეტად გავბრაზდებოდი. მსაჯზეც ვიქნებოდი ცოტათი ნაწყენი, რადგან მან თამაშის სიტუაციას უნდა უყუროს, მაგრამ კამავინგას ჯარიმის შემდეგ ბურთი უნდა დაეთმო და თავის პოზიციას დაბრუნებოდა. ბურთის დაჭერით მან გადაწყვეტილების მიღების უფლება მსაჯს დაუტავა, ასე არ უნდა მოიქცე“, - განაცხადა კუმანმა. მან ასევე დასძინა, რომ შესაძლოა არბიტრის რეაქცია ზედმეტად მკაცრიც იყო.
რეალ მადრიდის ფეხბურთელები და ესპანური მედია ვინჩიჩის გადაწყვეტილებას „უსამართლობას“ და „სირცხვილს“ უწოდებენ, თუმცა კუმანი მიიჩნევს, რომ მადრიდელების გამოვარდნის მთავარი მიზეზი თავად ბაიერნის თამაშია.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ბაიერნი და პსჟ ერთმანეთს ნახევარფინალში ხვდებიან: „ეს ჩემპიონთა ლიგის საოცნებო ფინალი უნდა ყოფილიყო. პსჟ ძალიან ძლიერია, ისევე როგორც ბაიერნი“. ტურნირის მეორე ნახევარფინალურ წყვილში არსენალი და ატლეტიკო მადრიდი ითამაშებენ.