ფლორენტინო პერესმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ რეალ მადრიდის გასახდელში ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.
სამეფო კლუბის პრეზიდენტმა მიუნხენში განცდილი მარცხის შემდეგ მოთამაშეებს პირდაპირ განუცხადა, რომ მათ მოლოდინები ვერ გაამართლეს. ბაიერნ მიუნხენთან ორი მატჩის ჯამში 6:4 წაგება პერესმა კლუბისთვის შეურაცხმყოფელ შედეგად შეაფასა.
„ვაფასებ დღევანდელ ძალისხმევას, მაგრამ ეს სეზონი ყველასთვის ნამდვილი იმედგაცრუებაა. თქვენ იცით, რას ნიშნავს იყოთ რეალ მადრიდის ფეხბურთელები. სეზონი ტიტულის გარეშე ჩავარდნაა, მაგრამ ზედიზედ ორი უტიტულო წელი უკვე აუტანელია“, - ციტირებს პერესის სიტყვებს Diario Sport.
პრეზიდენტის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძვირადღირებული ახალწვეულების არაეფექტურობაა. კლუბმა ზაფხულში თითქმის 180 მილიონი ევრო დახარჯა ისეთ მოთამაშეებზე, როგორებიც არიან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ფრანკო მასტანტუონო, ალვარო კარერასი და დინ ჰეისენი, თუმცა მიუნხენში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ინგლისელი მცველი გამოჩნდა. კითხვის ნიშნები გააჩინა ენდრიკის იჯარით გაშვებამაც ლიონში მას შემდეგ, რაც მასში 60 მილიონი გადაიხადეს.
ალვარო არბელოას მომავალი გუნდში პრაქტიკულად გადაწყვეტილია. პერესი აპირებს მას სეზონი დაასრულებინოს, თუმცა პარალელურად ახალ მწვრთნელს აქტიურად ეძებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გუნდის იდენტობის დაკარგვასაც და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა რეალ მადრიდის სასტარტო თერთმეტეულში არცერთი ესპანელი არ იყო.
გასახდელიდან გასვლამდე პერესმა მოთამაშეებს ულტიმატუმი წაუყენა:
რეალ მადრიდში თამაში პრივილეგიაა, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობას, რომელიც ბევრმა თქვენგანმა ვერ შეასრულა. სეზონის დარჩენილი ექვსი მატჩი ღირსეულად უნდა დაასრულოთ
სამეფო კლუბი ლა ლიგაში ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება და 10 მაისს კამპ ნოუზე კლასიკო ელოდება.