ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, დიოგუ ჟოტას ტრაგიკულ გარდაცვალებას ვრცელი წერილი მიუძღვნა.
„რა უნდა ვთქვა? რას შეიძლება ვინმემ თქვას ასეთ დროს, როცა შოკი და ტკივილი ასე მძაფრია? მინდა, მქონდეს სიტყვები, მაგრამ არ მაქვს. ახლა მხოლოდ გრძნობები მაქვს – ისეთი, რომელსაც ბევრი გაიზიარებს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ძალიან გვიყვარდა და იმ ოჯახის მიმართ, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
ჩემი პირველი ფიქრები - არა როგორც მწვრთნელის, არამედ მამის, შვილის, ძმის და ბიძის - ეკუთვნის დიოგუსა და ანდრე სილვას ოჯახს, რომელსაც წარმოუდგენელი ტრაგედია გადახდა თავს.
დიოგუ ჟოტა - ღიმილიანი შემართება
ჩემი გზავნილი მათთვის ძალიან მარტივია – თქვენ არასდროს იქნებით მარტო. ლივერპულის ფეხბურთელები, შტაბი, გულშემატკივრები – ყველა თქვენთანაა. რაც დღეს ვნახე, იმაზე მეტყველებს, რომ იგივე ითქმის მთლიანად საფეხბურთო ოჯახზე.
ეს მხოლოდ ტრაგედიაზე პასუხი არ არის. ეს რეაქციაა იმ სიკეთეზე, რაც ამ ადამიანებში იყო. იმ პატივისცემაზე, რაც მათი როგორც პიროვნებების და მთლიანი ოჯახის მიმართ ბევრს ჰქონდა.ჩვენთვის, როგორც კლუბისთვის, ეს დაუჯერებელი შოკია.
დიოგუ ჩვენთვის მხოლოდ ფეხბურთელი არ იყო – ის იყო საყვარელი ადამიანი ყველა ჩვენგანისთვის. თანაგუნდელი, კოლეგა, პარტნიორი – ყველა ამ როლში ის განსაკუთრებული იყო.ბევრი შეიძლება ითქვას იმაზე, რა მოჰქონდა მას მოედანზე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ვინც ერთხელ მაინც ნახა დიოგუს თამაში, ის თავადაც დარწმუნდა: შრომისმოყვარეობა, ჟინი, თავდადება, უმაღლესი ხარისხი, გოლები – ყველაფერი ის, რაც ლივერპულის ფეხბურთელში უნდა იყოს.
ტრენტი: "მინდა, ღიმილიანი დიოგუ დავიმახსოვრო"
მაგრამ არსებობდა რაღაც, რასაც ყველანი ვერ ვხედავდით. ადამიანი, რომელიც პოპულარობას არასდროს ეძებდა, მაგრამ მაინც ყველას უყვარდა. არა მხოლოდ ორი ადამიანის, არამედ ყველას მეგობარი. ის, ვინც უბრალოდ ყოფნით სხვებს უკეთესად აგრძნობინებდა თავს. ადამიანი, ვისაც ოჯახი მთელი გულით უყვარდა.
ბოლო საუბარში ერთა ლიგის მოგება მივულოცე და მომავალი ქორწილისთვის წარმატება ვუსურვე. ბევრი თვალსაზრისით, დიოგუსთვის ეს იდეალური ზაფხული უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომაც უფრო მეტად სულისშემძვრელია ის, რაც მოხდა.როცა კლუბში მოვედი, ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რაც გავიგონე, დიოგუს ჩენთი იყო.
მანამდე მასთან არ მიმუშავია, მაგრამ მაშინვე მივხვდი – თუ ლივერპულის გულშემატკივრებმა, რომლებსაც უამრავი ტოპ-ფეხბურთელი ჰყავთ ნანახი, ასეთი განსაკუთრებული სიმღერა მიუძღვნეს ვინმეს, ესეიგი ის ნამდვილად გამორჩეული უნდა ყოფილიყო.
ეს თვისებები საშინელ ვითარებაში დავკარგეთ და ეს ჯერ არ გაგვიაზრებია. ამიტომ ახლა აუცილებელია, რომ კლუბში ყველა ერთად დავდგეთ და ერთმანეთისთვის ვიყოთ. ჩვენ ახლა ვალი გვაქვს დიოგუს, ანდრე სილვას, მათი ოჯახის და საკუთარი თავის წინაშე.
"ამ მომენტში ყველაზე მეტად მიჭირს" - კლოპი ჟოტაზე
ჩემი მწუხარება და თანაგრძნობა მეუღლე რუთს, მათ სამ ულამაზეს შვილს და დიოგუსა და ანდრეს მშობლებს.
როცა დრო მოვა, დიოგუ ჟოტას ვიზეიმებთ, გავიხსენებთ მის გოლებს და მის სიმღერას ვიმღერებთ. მანამდე კი, დავიმახსოვრებთ მას როგორც უნიკალურ ადამიანს და ვიგლოვებთ მის წასვლას. ის არასდროს დაგვავიწყდება.
მისი სახელი დიოგუა."