დინამო ბათუმის სოციალური ქსელების გვერდებზე კლუბის ახალი მფლობელის, თემურ მიქელაძის მიმართვა ვრცელდება.
"მფლობელი, პრეზიდენტი და მენეჯმენტი არიან რგოლები, რომლებიც ფულადი სახსრებისა და ადამიანური რესურსების მოზიდვაზე იღებენ პასუხისმგებლობას. ჩვენი ძალისხმებით, უნდა შევძლოთ, რომ გუნდი მე-4 ადგილზე გავიყვანოთ, მწვრთნელმა უნდა შეძლოს, რომ მე-3 ადგილზე გაიყვანოს, ფანკლუბმა, რომელიც დინამო ბათუმს განსაკუთრებულად ძლიერი და ღირსეული ჰყავს, უნდა შეძლოს, მე-2 ადგილზე გაიყვანოს, პირველი ადგილის დაკავება და ჩემპიონობა კი ფეხბურთელებთან ერთად მოდის.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დინამო ბათუმი ყველას საქმეა. ამიტომაც დავაანონსეთ, რომ ჩვენი კლუბი სააქციო საზოგადოება იქნება. ყველა ბათუმელსა და უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივარს შეუძლია, აქციები შეისყიდოს და კლუბის დამფუძნებელი გახდეს - ერთად, ერთი სიყვარულითა და ტკივილით უნდა ავაშენოთ დიდი გუნდი", - ავრცელებს მიქელაძის მიმართვას დინამო ბათუმი.
ასევე, აჭარულმა კლუბმა 25 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ დავალიანებები, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდათ, სრულადაა დაფარული.
დინამო ბათუმი ამჟამად შეკრებაზე თურქეთში იმყოფება და ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონისთვის 27 ფეხბურთელით ემზადება.