მომდევნო კვირიდან უეფას რიგით მესამე ევროტურნირი, კონფერენს ლიგა იღებს სტარტს.
36 მონაწილე გუნდს შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 ასპარეზობს. ეს ისტორიული მოვლენაა! იბერია 1999 პირველი ქართული კლუბია, რომელიც კონფერენსლიგის ძირითად ფაზაში ითამაშებს, და ზოგადად მეორე, რომელიც ევროთასების ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე მოხვდა.
ტურნირის დაწყებამდე ცნობილმა ანალიტიკურმა პლატფორმამ, Football Meets Data-მ (FMD), სპეციალური სიმულატორის საშუალებით გუნდების შანსები შეაფასა. პროგნოზი ქართული კლუბისთვის საკმაოდ პესიმისტური აღმოჩნდა. სიმულატორის მიხედვით, იბერია 1999 ტურნირის აშკარა აუტსაიდერია და 36 გუნდში ბოლო ადგილს იკავებს.
FMD-ს მონაცემებით, იბერიას TOP 8-ში მოხვედრის შანსი სულ რაღაც 0.1%-ია, ხოლო საუკეთესო 24 გუნდში მოსახვედრად (სადაც პლეი-ოფში ბრძოლა გრძელდება) 8.4%-იანი ალბათობა აქვს. სიმულატორი საქართველოს ჩემპიონს საშუალოდ 3.2 ქულას უწინასწარმეტყველებს. რეიტინგში იბერიას ისეთი კლუბებიც კი უსწრებენ, როგორებიცაა ანდორის ინტერი და გიბრალტარის ლინკოლნი.
რაც შეეხება ტურნირის მთავარ ფავორიტებს, ანალიტიკოსები ბრაიტონის, ატალანტას, ბრაგას, ფრაიბურგისა და მონაკოს შანსებს გამოარჩევენ.
ახლა ჯერი ქართველ ფეხბურთელებზეა - მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ანალიტიკოსები ცდებიან. ასევე, სწორედ ასეთ რთულ მომენტებში იძენს უდიდეს მნიშვნელობას გულშემატკივრის როლი. როდესაც სტატისტიკა და პროგნოზები შენს წინააღმდეგაა, ერის ერთიანი მხარდაჭერა ფეხბურთელებისთვის უდიდესი მოტივაციის წყარო ხდება. ისტორიას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ტრიბუნებიდან წამოსული მუხტით, ერთიანობითა და შეუპოვარი ბრძოლით ნებისმიერი „დაუძლეველი“ ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი. ქართულ ფეხბურთს ეს ძალა უკვე ბევრჯერ უჩვენებია და ახლაც, საერთო ძალისხმევით, სურათის შეცვლა აბსოლუტურად რეალურია.
კონფერენს ლიგის ფაზა 15 ოქტომბერს დაიწყება, სადაც იბერია 1999 სადებიუტო მატჩს სტუმრად, ბელგიური სენტ ტრუიდენის წინააღმდეგ გამართავს. ხოლო 22 ოქტომბერს იბერია 1999 სახლში შვედურ მიალბის დაუპირსპირდება.