იბერია 1999-მა ისტორია დაწერა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელიც ევროთასების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს - უკანასკნელად ეს 22 წლის წინ თბილისის დინამომ შეძლო. იბერია უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას 15 ოქტომბრიდან დაიწყებს - მანამდე კი ჩვენს ბლოგების სერიაში დედაქალაქური კლუბის ფეხბურთელებს გაგაცნობთ.
დღევანდელ ბლოგში იბერიასთვის კონფერენს ლიგის საგზურის მომტანი გოლის ავტორის, ნიკა სიხარულაშვილის შესახებ მოგიყვებით. ნიკა 2003 წლის 7 ოქტომბერს გურჯაანში დაიბადა და ახალგაზრდული კარიერა დინამო თბილისის აკადემიაში გაატარა.
სიხარულაშვილმა დინამოს შემადგენლობაში 2023 და 2024 წლების სეზონებში სულ 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 2024 წელს ნიკა დინამოდან იჯარით ბერძნულ მაკედონიკოსს შეუერთდა - შემტევმა საბერძნეთის მეორე ლიგაში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.

სამშობლოში დაბრუნებული სიხარულაშვილი 2026 წელს საქართველოს ჩემპიონებს შეუერთდა და იბერიას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორიც გახდა. ჩრდილოეთ ირლანდიაში დაფიქსირებული ნულოვანი ფრის შემდეგ, ლარნეს გამარჯვების გოლი სწორედ სიხარულაშვილმა გაუტანა - ნიკამ ანდრია ბართიშვილის შესანიშნავი გადაცემა გამოიყენა, საჯარიმოში ბრწყინვალედ გაიხსნა, ორ მცველსა და მეკარეს დაასწრო და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.
ეს ევროტურნირებზე სიხარულაშვილის პირველი გოლი არ ყოფილა - მანამდე ნიკამ ბრატისლავაში ფრედ დასრულებულ შეხვედრაში, სლოვანის კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო. მიმდინარე სეზონში სიხარულაშვილმა ეროვნულ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ნიკა ასევე ეხმარებოდა იბერია 2-ს - ეროვნულ ლიგა 3-ში სიხარულაშვილის ანგარიშზე 3 მატჩში 4 გოლია.

ბავშვობაში ნიკას საფეხბურთო კუმირი უეინ რუნი იყო, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კი კრიშტიანუ რონალდუს მიიჩნევს. მისი ოცნება სანტიაგო ბერნაბეუზე ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშია. გაქცევა შოუშენკიდან ნიკას საყვარელი ფილმია, ხოლო გაქცევა მისი საყვარელი სატელევიზიო შოუ.