ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა და მათ შორის ანდრია ბართიშვილიც მოხვდა.
გამოცემა ქართველი ფეხბურთელის სათამაშო სტილსა და განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
The Guardian-ის სტატიაში აღნიშნულია:
ბართიშვილის აღმასვლის პროცესი 2025 წლის ივნისში დაჩქარდა, როდესაც ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრებთან ნაჩვენები საოცარი თამაშის შემდეგ მას „ახალი კვარაცხელია“ უწოდეს. დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილმა სადებიუტო შეხვედრა 16 წლის ასაკში ჩაატარა და ამ ასაკში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა.
გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბართიშვილს მარცხენა გარემარბად და ათიანის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მას მცველებთან პირისპირ დარჩენა უყვარს. იგი ფეთქებადია და სხეულის მოძრაობით მეტოქეების მოტყუება შეუძლია. გამოცემის მიხედვით, ანდრიას ფლანგიდან ცენტრისკენ აგრესიული შერბენებიც ახასიათებს.
The Guardian წერს:
ბართიშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს მომენტებს უქმნის და შორიდან დარტყმა შეუძლია. 2025 წელს ის საქართველოს საუკეთესო 17-წლამდელ ფეხბურთელად დასახელდა და მომავალი სეზონიდან არსენალის რიგებში იასპარეზებს.
ცნობისთვის, ფეხბურთელი იბერია 1999-ში იჯარის წესით თამაშობს, ეროვნული ლიგის 16 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს, ხოლო Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.