არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მართალია, წინა ბლოგში გითხარით, სიტყვა ისედაც გამიგრძელდა და თავს აღარ შეგაწყენთ მეთქი, მაგრამ თქვენი მხრიდან წამოსულმა დადებითმა ენერგიამ ლაპარაკის გაგრძელების სურვილი გამიჩინა. თან, თითქოს ცოტა უდროო დროს დავამთავრე, თითქოს ვერ გითხარით ბოლომდე ყველაფერი, რაც მინდოდა.
დასაწყისშივე გეტყვით, რომ თუ პირველი ნაწილი არ წაგიკითხავთ - სჯობს ჯერ გადახვიდეთ, ის წაიკითხოთ და შემდეგ აქ დაბრუნდეთ - ასე უფრო მარტივი იქნება კონტექსტის სრულად გააზრება.
"ახლა ხომ არ იღიმის და მაინც რა ბედნიერია", - დიდობაში ახდენილი ბავშვობის ოცნება
თუ გახსოვთ, თავიდანვე გითხარით, ფეხბურთი რონალდომ შემაყვარა მეთქი, მაგრამ ბრაზილიელი ამ რომანის მთავარი გმირი იყო, რეჟისორი კი - ცალსახად მამაჩემი. დამეთანხმებით, მარტო ეკრანზე უცნაური ვარცხნილობის დანახვა რას მომცემდა, ჩემი ინტერესისთვის სწორი მიმართულება მამას რომ არ მიეცა.
დღევანდელი სოციალური ქსელი ისედაც ნეგატივით არის გადაძეძგილი და კარგის წაკითხვა ან მოსმენა უფრო და უფრო რთულდება. ამის ფონზე სულაც არ მინდა, ჩემი ნეგატივით დაგტვირთოთ, მაგრამ მინდა ჩემი ფეხბურთისადმი და შემდგომ რეალისადმი სიყვარულის ჭრილში, მამაჩემზეც გელაპარაკოთ, რომელმაც თითქმის ორი წლის წინ, სულ რაღაც 48 წლის ასაკში დაგვტოვა.
მთელი ჩემი საფეხბურთო მოგონებები მამასთან ერთად ფეხბურთის ყურებას უკავშირდება - არ დავდიოდი არც ფანკლუბების შეკრებებზე, არც ხალხმრავალ ადგილებში - მისაღები ოთახი, ტელევიზორი, კოკაკოლა (მოგვიანებით უკვე ლუდიც) და რეალის მორიგი დიდი მატჩის მამასთან ერთად ყურება.
რეალი ჩემსავით არასდროს ყვარებია, მაგრამ ფეხბურთზე არანაკლებად იყო შეყვარებული. ტრადიციად ქცეული ერთად ყურება მერე პასუხისმგებლობადაც იქცა - სხვაგან შეიძლება არ კი არა, ვერც წავსულიყავი - აბა, მარტო ხო არ დატოვებ კაცს ტელევიზორთან.
სიტყვების თავისებურად დამახსოვრება და მერე ასე წარმოთქმა უყვარდა - მაგალითად, რეალის სტადიონი ბერნადეუდ დაიმახსოვრა და ბოლო დღეებამდე ასე ეძახდა. გვიკამათია კიდეც, რამდენჯერ შევუსწორე, მაგრამ ასე უნდოდა და მორჩა.
რეალიც ჩემს გამო უფრო უყვარდა - ბოლო თვეებში, ჯანმრთელობის პრობლემების ფონზეც კი, საავადმყოფოში რომ ვაკითხავდი, ფეხბურთზე სალაპარაკოდ მაინც იცლიდა და მეუბნებოდა, მბაპეს მოსვლა მაგრად მოგვიხდებაო. კი, ზუსტად ასე, პირველ პირში. განა აინტერესებდა იმ დროს მბაპე? მაგრამ იცოდა, როგორ მინდოდა მისი რეალში გადმოსვლა და "მისწორებდა".
რეალის თანამედროვეობის მთავარი მატჩი - 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიც, ბუნებრივია, ერთად ვნახეთ. ბოლო წამებზე, როცა ატლეტიკო გვიგებდა, ზუსტად იმ კუთხურის წინ, სიგარეტი აიღო ხელში, გაბრაზებულმა წაიბუტბუტა "ამასაც მოვწევ და დავწვები, მორჩა აქ ყველაფერი" და ფანჯრისკენ დაიძრა.
ამ ფრაზამ ჩემში თითქოს იმედი მოკლა - გვერდით მჯდომ ასევე რეალის ფან ძმაკაცს სასოწარკვეთილმა ვუთხარი - ამას ველოდეთ 12 წელი? ფინალს ვაგებთ, თან ატლეტიკოსთან, რომელსაც ჩემს ბავშვობაში თანასწორ მეტოქედაც ვერასდროს აღვიქვამდით...
არ მახსოვს, მოასწრო თუ არა მოკიდება. მაგრამ კარგად მახსოვს ფანჯარასთან მდგომი მამაჩემი, როცა ლუკა მოდრიჩი საბედისწერო კუთხურის ჩასაწოდებლად გარბოდა - ჩაწოდება, რამოსის თავური და.... ვინ ვის ურტყავდა, ვინ ვის ეხუტებოდა აღარავის გვახსოვს. იმხელაზე ვიყვირეთ, დედა კი არა, ნახევარი უბანი გავაღვიძეთ. რა გვექნა, ზედმეტად გაგვეწელა მაშინ რეალის ლიგის ლოდინი.
ამ თამაში დავიჯერეთ რეალის მაგია, რომელზეც ხშირად ამბობენ - ლიგის ფინალებს არ აგებსო. მადრიდელების დიად ქამბექებზე იქამდეც ბევრი გვსმენია, მაგრამ ასეთ დიდ მატჩში, ასე ცხადად პირველად ვნახეთ.
ბედის ირონიით, ბოლო ლიგა რეალს 2002-ს მაისში ჰქონდა მოგებული - იქამდე ორი თვით ადრე, სანამ მე ფეხბურთის ყურებას დავიწყებდი. ბევრჯერ მიფიქრია ბავშვურად, რომ ჩემი ბრალიცაა ამხელა პაუზა.
ამ დღეს გაუჩნდა მამასაც ჩემი ბერნაბეუზე გაშვების დიდი ოცნება - ოცნება, რომელსაც სამწუხაროდ მის სიცოცხლეში ასრულება არ ეწერა. რამდენჯერ უთქვამს, რაიმე გადამწყვეტი გოლის დროს - აუ, ახლა ბერნა"დ"ეუზე რა ატმოსფერო იქნებაო?!
ძალიან კარგი მამა მყავდა. როგორც უმეტესობას, მეც მქონდა მის სიცოცხლეში გარკვეული პრეტენზიები, გაუგებრობები და უთანხმოებები. ეგ კი არა, ბევრი რამ სამწუხაროდ მისი წასვლის შემდეგ გადავაფასე, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - თუ "იქ" მართლა არსებობს რაღაც, ჩემი ბერნაბეუზე წასვლით მხოლოდ მისი ერთადერთი შვილის კი არა, მისი პირადი დიდი ოცნებაც ახდა, იმიტომ რომ მან სიცოცხლეში ფეხბურთის სიყვარულის გარდა, სხვა უამრავი კარგი ფასეულობაც დამიტოვა, მათ შორის - საკუთარი შვილის სურვილებისა და ოცნებების საკუთარ თავზე წინ დაყენებაც...
ამას როცა ვწერ ღამის 3 საათია. საათზე მეტია დაძინებას ვცდილობ, მაგრამ რაღაც მომენტში დავაფიქსირე, რომ დაძინების ნაცვლად გონებაში ტექსტს ვალაგებ - დავნებდი და ტელეფონი ავიღე დასაწერად. ალბათ, წინა ბლოგში მამის ხსენება დამაკლდა და წერის გაგრძელების სურვილიც სწორედ ამან გამიჩინა. არ ვიცი რა ვწერე, ან საერთოდ ღირს თუ არა გამოქვეყნებად, მაგრამ ვიცი ის, რომ მამა იქიდანაც უზომოდ ბედნიერია მისი შვილის ახდენილი ოცნებით.
ახლა კი მართლა წავედი...
ნიკა შაქარაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები