ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემი და რეალს გულშემატკივრობდა, მაშინ გალაქტიკო იყო - ზიდანი, რაული, კასილიასი, რონალდო და სხვები. მათი ვიდეოები კომპიუტერში მქონდა გადმოწერილი და ყოველდღე ვუყურებდი, აქედან იწყება ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარულიც.
შემდეგ იყო რეალის ნარინჯისფერი პერიოდი - ვან ნისტელროი, სნეიდერი, რობენი, ვან დერ ვაარტი. ევრო 2008-ზე ჩემი და ნიდერლანდებს გულშემატკივრობდა, მე კი ტურნირის დასაწყისში ესპანეთი ავირჩიე, ეს იყო ჩემი პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირი.
იმ ტურნირზე ყველანაირი ლოგიკით ფურია როხასა და ნარინჯისფრების დაპირისპირება ნახევარფინალში უნდა გვენახა, თუმცა რუსეთის ნაკრებმა ყველაფერი გააფუჭა, რომელმაც ვან ბასტენის გუნდი დაამარცხა. ესპანეთმა კი რუსეთი ჯგუფშიც გაანადგურა და ნახევარფინალშიც, ფინალში კი გერმანიასაც მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
7 წლის ვიყავი, როცა გვარდიოლა ბარსელონას მწვრთნელად დაინიშნა, 2008-10 წლებში ბარსამ ზედიზედ 5 კლასიკო მოიგო, მათ შორის იყო 2-6 და 5-0, ამას 2009 და 2011 წლებში ჩემპიონთა ლიგების მოგებაც მიაყოლა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი იყო ჩემთვის რეალის გულშემატკივრობის დასაწყისი, თანაც ეს ის ასაკია, კლასიკოს მეორე დღეს სკოლაში წასვლა რომ არ გინდა.
პარალელურად სანაკრებო ასპარეზზე ესპანეთის ნაკრებმა ტრიუმფი მოახდინა და ზედიზედ 3 დიდი სანაკრებო ტურნირი მოიგო, არ დამავიწყდება ანდრეს ინიესტას ნიდერლანდების კარში გატანილ გოლზე ჩემი რეაქცია.
მოკლედ, რომ ვთქვა რეალისა და ესპანეთის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ეს სპორტის სხვა სახეობაშიც გადაიზარდა, რაც იმ ადამიანის გულშემატკივრობაში გამოიხატა, რომელიც დიდი მადრიდისტა და ბევრისთვის (მათ შორის ჩემთვის) ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენია, საუბარია რაფაელ ნადალზე, ახლა კი მისი ადგილი კარლოს ალკარასმა დაიკავა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ერთ დღეს ესპანეთში და კონკრეტულად მადრიდში წავსულიყავი. სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებში ნამყოფი ვიყავი, მაგრამ გონებაში დანიშნულების საბოლოო წერტილად მადრიდი მქონდა, რომელიც ჯერ მიუწვდომელი ჩანდა.
უცბად არსაიდან გავიგე, რომ adjarabet arena-ს წყალობით მადრიდში მივდიოდი, თანაც რისთვის, სანტიაგო ბერნაბეუზე რეალისა და ვილიარეალის მატჩზე დასასწრებად. მადრიდი, ბერნაბეუ და თანაც როგორ თამაშზე, გიორგი მიქაუტაძე რეალის წინააღმდეგ.
გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა და სანამ პასპორტ-კონტროლი არ გავიარე და თვითმფრინავი არ აფრინდა, ვერ ვუშვებდი, რომ მართლა საოცნებო ადგილზე მივდიოდი.
მადრიდში მატჩის დღეს ჩავედით, მგზავრობით დაღლილი ვიყავი, თუმცა ეს დაღლა მაშინვე გაანეიტრალა იმ ემოციამ, რომელიც ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს დანახვისას ვიგრძენი. დიდად ემოციურად გამომხატველი ადამიანი ვერ ვარ, თუმცა ჩემს გონებაში ნამდვილი აფეთქება მოხდა.
ალბათ, ის მომენტი ყველამ იცით სტადიონის კიბეებზე რომ ადიხართ და უცბად ტრიბუნებისა და მოედნის ხედი იშლება, ავიარე ბერნაბეუს კიბეები და გამოჩნდა ისეთი რამ, რისი მსგავსიც იქამდე არ მენახა და ალბათ მომავალშიც საეჭვოა, რომ ვნახო.
რა თქმა უნდა, შორიდან ბევრისგან ვიცოდი, რომ ბერნაბეუ ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია მსოფლიოში თუ საუკეთესო არა და საოცარი ნაგებობაა, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახს სულ სხვა ეფექტი ჰქონდა. გარდა არქიტექტურული ბრწყინვალებისა ამ ადგილს აქვს აურა, რომელიც ყველაფერს უფრო განსაკუთრებულს ხდის.
ემოციის პიკი კი მაშინ დგება, როცა თამაშის დაწყების წინ გუნდების გამოსვლისას სტადიონზე რეალის ჰიმნი ირთვება:
Historia que tú hiciste. historia por hacer - ისტორია, რომელიც შექმენი. ისტორია, რომელსაც შექმნი
Madrid, Madrid, Madrid ¡Hala Madrid! Y nada más, y nada más ¡Hala Madrid! - მადრიდ, მადრიდ, მადრიდ, ჰალა მადრიდ! და არაფერი სხვა, და არაფერი სხვა, ჰალა მადრიდ!
უსმენ ამ ჰიმნს, თან მღერი, თან უყურებ ბერნაბეუს სავსე ტრიბუნებს და ხვდები, რომ აქაურობა 123-წლიან ისტორიას იტევს, რომელიც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი სპორტული სამყაროს წიგნებში და იმ მომენტში შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.
მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე იყო, მატჩის პირველი ტაიმიც 0-0 დასრულდა, პირველმა ტაიმმა მოლოდინები არ გაამართლა, მაგრამ საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა, თუმცა მეორე ტაიმმა ისტორია იდეალური გახადა.
ტაიმის დასაწყისშივე ქართველი თავდამსხმელი თამაშში ჩაერთო, ვინისიუს ჟუნიორმა კი ანგარიშიც მალევე გახსნა. მერე ბრაზილიელმა დუბლიც შეასრულა, ამას კი მიქაუტაძემ ძალიან ლამაზი გოლით უპასუხა. თავისი გოლი მბაპემაც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (3-1).
ისე გამოვიდა ჩემი ოცნების ასრულებასთან ერთად ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ მატჩსაც დავესწარი, განა ხშირად იტანს ქართველი გოლს ბერნაბეუზე რეალის წინააღმდეგ. რეალმაც მოიგო, ამაზეც არ დამწყდა გული, რა თქმა უნდა.
შემდეგ დღეს სიბელესიც მოვინახულე, მოედანი, სადაც რეალი ტიტულებს აღნიშნავს და ბლანკოსის კაპიტნებს არაერთხელ აღუმართავთ აქ თასი. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ბერნაბეუს მუზეუმის ნახვაც, სადაც ზემოთ ნახსენები 123-წლიანი ისტორია სრულად და საოცრად არის გადმოცემული და ამ მუზეუმის თითოეული კუთხე უდიდესი ეპოქის გადმომცემია.
მხოლოდ ის ოთახი რად ღირს, სადაც ჩემპიონთა ლიგის 15 თასია. მუზეუმის საუკეთესო ოთახი სწორედ ეს არის, რომელიც უდიდეს მაგიას იტევს. აქ გახსენდება რეალის თითოეული ტრიუმფი და ქამბექი, რომელიც მადრიდელებს არაერთხელ შეუსრულებიათ და ის ფრაზაც, რომ 90 წუთი სანტიაგო ბერნაბეუზე ძალიან დიდი დროა.
განსაკუთრებული ემოცია იმ განსაკუთრებულ თასთან დამეუფლა, რომელსაც აწერია: Lisboa 24/05/2014. ეს ის ტიტულია, რომელმაც რეალის 21-ე საუკუნის ისტორია გარდატეხა და შემდეგ ლოს ბლანკოსს უკვე არაერთი ლიგა მოაგებინა, მაგრამ იქამდე იყო 12-წლიანი წარუმატებლობა, რომელიც სერხიო რამოსის თავურმა დარტყმამ დაასრულა. მე კი მაშინ 13 წლის ვიყავი და ზემოთ კი ვთქვი, რომ ემოციური არ ვარ-მეთქი, მაგრამ იმ გოლის დროს ყველამ დაიჯერა, რომ ემოციების გამოხატვა ნამდვილად შემეძლო.
მადრიდში გატარებული დღეების დროს, სანტიაგო ბერნაბეუზე, სიბელესზე და უბრალოდ ქუჩებში სეირნობისას რეალის ულტრასების შეძახილი ჩამესმოდა (Cómo no te voy a querer - როგორ შეიძლება არ მიყვარდე), რომელიც თავისთავად რეალს ეძღვნება.
მე კი ვფიქრობდი, როგორ შეიძლება არ მიყვარდეს რეალი, მადრიდი, ბერნაბეუ, ესპანეთი და რაც მთავარია ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ და რომელმაც ცხოვრების მთავარი ოცნება ამისრულა.
როგორ შეიძლება არ მიყვარდეს…
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები