დინამო ბათუმის გასხვისების პროცესი დასრულდა და კლუბის ახალ მფლობელად სააქციო საზოგადოება დ.ბ. 1923 ოფიციალურად გამოცხადდა.
აღნიშნული სააქციო საზოგადოება, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით, კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან იღებს. მიქელაძე მიმართვას ავრცელებს:
"ჩვენი მიზანი ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნაა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სწორედ ამიტომ, ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.
ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხებათ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს.
ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უამრავ ადამიანს ექნება სურვილი, ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს. ამიტომ, გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურიძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს, ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისა და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც დინამო ბათუმთან ერთად მიაღწიეს.
გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქის საოცარ გულშემატკივართან ერთად, ბევრ წარმატებას მივაღწევთ", - ავრცელებს განცხადებას მიქელაძე.