არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პსჟ-ს დამრიგებელ ლუის ენრიკეს მიმართ დიდი სიმპათია გამოხატა.
ესპანელმა სპეციალისტმა ბარსელონაში მათ ერთობლივ წარსულზე ისაუბრა, როდესაც თავად ახალგაზრდა ტალანტი იყო, ენრიკე კი გუნდის ვეტერანი ლიდერი.
გამოცემა MARCA-სთან ინტერვიუში არტეტამ აღნიშნა:
მას დიდი სიყვარულით ვიხსენებ, რადგან ახალგაზრდებს ძალიან გვეხმარებოდა. როგორც მწვრთნელი, ის არის ლიდერობის მაგალითი ყველასთვის. მიუხედავად გარედან წამოსული დიდი კრიტიკისა და ხმაურისა, მან საკუთარი ფილოსოფია არ შეცვალა და დასახულ მიზნებს მიაღწია
არტეტამ მარტინ სუბიმენდის გარშემო არსებულ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც ბოლო ოთხ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მწვრთნელმა ფეხბურთელის სადებიუტო სეზონი დაიცვა და აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგაში ადაპტაცია რთულია, მისი დასვენება კი ფინალის წინ ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო.
ინტერვიუში მწვრთნელმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და ემოციურად გადაუხადა მადლობა მეუღლეს, ლორენას, რომელიც ოჯახში სტაბილურობას ინარჩუნებს, სანამ თავად ელიტარული ფეხბურთის 24-საათიანი წნეხის ქვეშ იმყოფება. არტეტამ სიამაყით აღნიშნა ისიც, რომ მისი გუნდის ესპანელი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ და დარწმუნებულია, რომ ისინი ტურნირზე თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ.