ამ ხუთშაბათს ფრანგული სპორტული მედიის მთავარი თემა პსჟ და ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელიც ამ შაბათს, პუშკაშ არენაზე, არსენალის წინააღმდეგ გაიმართება.
გაზეთები ასევე ბევრს წერენ ფანების უდიდეს სიყვარულზე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი თამაშით დაიმსახურა, და ლუის ენრიკეს წარმატებულ მუშაობაზე.
პარიზელები ფინალს საკმაოდ თავდაჯერებულები ხვდებიან და გულშემატკივრებიც მზად არიან, ბოლო წამამდე დაუდგნენ გუნდს გვერდით, რათა ზედიზედ მეორე ევროპული ტიტული მოიგონ. მიუხედავად ამისა, წინასწარ გამარჯვების ზეიმი არავის დაუწყია, რადგან არსენალი ძალიან სერიოზული მეტოქეა.
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი იმედი სწორედ კვარაცხელიაა. ფრანგული მედია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ხვიჩა მოედანზე საოცარ ელეგანტურობასა და ბრძოლისუნარიანობას აერთიანებს. მან დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ შემტევმა ფეხბურთელმა დაცვაში ძალები უნდა დაზოგოს. კვარა მოედანზე ყველაფერს დებს, თუნდაც ამის გამო ზოგჯერ მთელი 90 წუთის თამაში ვერ შეძლოს და მისი შეცვლა გახდეს საჭირო. ის ზუსტად ისეთი მოთამაშეა, რომლის ყურებაც ფეხბურთის მოყვარულებს სიამოვნებას ჰგვრის და ამ ფინალშიც ბევრი მისგან კიდევ ერთ შოუს ელის.
გუნდში ყველა ფეხბურთელი მზად არის ერთმანეთისთვის იბრძოლოს, რაც პირველ რიგში ლუის ენრიკეს დამსახურებაა. მან შეძლო პსჟ-ში უმაღლესი სტანდარტები დაეწესებინა, თუმცა ამავე დროს თავმდაბლობაც შეინარჩუნა და ყველას დაანახა, რომ კოლექტივი ინდივიდებზე მაღლა დგას.
ვნახოთ, მოუტანს თუ არა მისი ეს ფორმულა შაბათს პარიზელებს კიდევ ერთ თასს.