-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენის გზა ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ კოლექტიური ბრწყინვალებით იყო გაჯერებული, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდის ქაოსსა და სილამაზეს ცოტანი გამოხატავენ ისე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია.
როდესაც პსჟ კიდევ ერთი დაპირისპირებისთვის, არსენალთან, ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე, ემზადება, ქართველი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს ამაღელვებელი გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, გუნდს კი, რომელიც ისედაც სავსეა შემტევი ტალანტით, იმპროვიზაციასა და საფრთხეს მატებს.
თუმცა პარიზამდე იყო ნაპოლი.
როდესაც სერია A-ს კლუბმა 2022 წელს მაშინ ნაკლებად ცნობადი ქართველი დინამო ბათუმიდან დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეიძინა, გულშემატკივრებმა მისი სახელის სწორად წარმოთქმაც კი არ იცოდნენ. ამისთვის YouTube-სა და TikTok-ზე სპეციალური ვიდეოებიც გამოჩნდა.
მის პირველ ოფიციალურ მატჩამდეც კი მოლოდინები უკვე მითის მასშტაბებს აღწევდა. ინიციაციის ცერემონიაზე კვარაცხელიამ Opus-ის „Live Is Life“ იმღერა - სიმღერა, რომელიც ნეაპოლში სამუდამოდ უკავშირდება დიეგო მარადონას ცნობილ გახურებას მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ 1989 წელს.
გულშემატკივრებმა მაშინვე შეარქვეს კვარადონა.
ვიცი, რომ მარადონა ნაპოლისთვის ყველაფერს ნიშნავს.
„დიდი პასუხისმგებლობაა, როცა იმავე წინადადებაში გახსენებენ.“ - თქვა მაშინ კვარაცხელიამ
რაც შემდეგ მოხდა, ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი გარღვევა იყო.
ლუჩანო სპალეტის შთამბეჭდავ ნაპოლიში მარცხენა ფლანგიდან მოქმედი კვარაცხელია სერია A-ს მცველებს თავბრუდამხვევი ფინტებით, სხეულის მოტყუებითი მოძრაობებითა და მოულოდნელი აჩქარებებით ანგრევდა.
2023 წლის იანვრისთვის მას უკვე ჰქონდა 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა 14 ლიგურ მატჩში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეებს იმავე უშიშარი სიმკაცრით ანადგურებდა.
სპალეტიმ სწრაფადვე დაინახა, რა გამოარჩევდა მას სხვებისგან.
მისი არაპროგნოზირებადობა საშუალებას აძლევს, ჩვეულებრივი რაღაცები არაჩვეულებრივად აქციოს.
ეს არაპროგნოზირებადობა დღესაც მისი თამაშის მთავარი ნაწილია. კვარაცხელია უბრალოდ დრიბლიორი არ არის, რომელიც მხოლოდ სანახაობრივი მომენტების შექმნას ცდილობს.
თითქმის ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს, შეუძლია ფლანგზე გარედან შეტევა, ან ცენტრისკენ ორივე ფეხზე შესვლა, მცირე სივრცეებში კომბინაციების გათამაშება თუ პირდაპირ მცველებზე აჩქარება. პოზიციონირებითა და მოძრაობით ის დაცვის ხაზებს ჭიმავს და მეტოქეებს ბურთის მიღებამდეც კი უკან დახევას აიძულებს.
ლუის ენრიკემ მისი თამაში კიდევ უფრო დახვეწა, შეტევით თავისუფლებასთან ერთად მუდმივი პრესინგი და დაცვითი მუშაობაც მოსთხოვა.
პარიზში კვარაცხელია უკვე კოლექტიური მანქანის ნაწილად იქცა და არა მის ერთადერთ შთაგონებად, სადაც ის ოქროს ბურთის მფლობელ უსმან დემბელესთან, ვიტინიასა და ჟოაო ნევეშთან ერთად, უფრო ახალგაზრდა და დაბალანსებულ პსჟ-ში ბრწყინავს.
მისი გზა ელიტამდე სრულიად არატრადიციული იყო.
თბილისში დაბადებული და ბავშვობაში მამის, ყოფილი ფეხბურთელის, ბადრი კვარაცხელიას, მიერ გაწვრთნილი ხვიჩა საქართველოში განვითარდა, შემდეგ კი რუსეთში, ყაზანის რუბინში გადავიდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ FIFA-ს წესებმა უცხოელ მოთამაშეებს კონტრაქტების შეჩერების უფლება მისცა, რამაც მას დინამო ბათუმში დროებით დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, სანამ ნაპოლი გადაიბირებდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ უშედეგოდ ცდილობდა ფრანგული კლუბების დარწმუნებას მის შესაძენად. ზოგიერთი ხელმძღვანელი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ზედმეტ რისკად ან არასაკმარისად „გლამურულად“ მიიჩნევდა.
დღეს ეს ყოყმანი წარმოუდგენლად გამოიყურება.
კვარაცხელია უცნობი ტრანსფერიდან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემტევ ფეხბურთელად გადაიქცა - მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია ელიტური მატჩების ბედი ერთი აჩქარებით ან მოულოდნელი გენიალური ეპიზოდით გადაწყვიტოს, რაც მას ოქროს ბურთის სერიოზულ კანდიდატადაც აქცევს.
,,კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის უნდა იყოს" - Goal-ის სტატია

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები