-
Aa
+
ფონტის ზომა
ზედიზედ ორი, 1974 და 1978 წლების მსოფლიო პირველობების გაცდენის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ნაკრები მნიშვნელოვნად შეიცვალა. განახლებულ ნაკრებში ძირითად ბირთვს კიეველები წარმოადგენდნენ და როგორც იმ დროს იძახდნენ, სსრკ ნაკრები პრაქტიკულად რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებული კიევის „დინამო“ იყო. ამასთანავე, ეროვნულ გუნდში წამყვანი ფიგურები ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილი თბილისის „დინამოელებიც“ იყვნენ.
ქართველები მსოფლიო ჩემპიონატებზე (I ნაწილი)
1982 წლის ესპანეთის მუნდიალის საგზური საბჭოელებმა კონსტანტინ ბესკოვის ხელმძღვანელობით მოიპოვეს. გუნდმა უკან ჩეხოსლოვაკია, უელსი, ისლანდია და თურქეთი მოიტოვა. შესარჩევ ეტაპზე 6 ქართული გოლი გავიდა, რომლებიც რამაზ შენგელიას (4), ალექსანდრე ჩივაძისა და ვიტალი დარასელიას ანგარიშებზეა.
ფეხბურთის ყველა ქართველი ქომაგისთვის ბრაზისა და წყენის თემაა დავით ყიფიანისა და ვლადიმერ გუცაევის უმუნდიალოდ დატოვება, რაც ბესკოვის სინდისზეა. გუცაევი თუ არა, „დინამოს“ 10 ნომერი არათუ შემადგენლობის წევრი, არამედ ესპანეთის მოედნებზე ნაკრების ლიდერი უნდა ყოფილიყო...
პირენეის ნახევარკუნძულზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხმა ქართველმა გააგორა ტყავის ბურთი, ორმა კი გოლებით გამოიჩინა თავი, თანაც - ერთ მატჩში.
სსრკ-მ ტურნირი მთავარ ფავორიტთან, ტელე სანტანას გაწვრთნილ ბრაზილიასთან დაიწყო. ნაკრების ოთხივე ქართველი მოთამაშე (გუნდის კაპიტანი ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, დარასელია და შენგელია) ძირითადში იყო. სევილიის სარბიელ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ ანდრეი ბალის შორეული დარტყმით, უფრო სწორად კი მეკარე ვალდირ პერესის მიერ ხელებიდან გაშვებული ბურთით დაწინაურებული სსრკ მატჩის მიწურულს, სოკრატესისა და ედერის შთამბეჭდავი გოლებით გატყდა, არადა თავისუფლად შეიძლებოდა სენსაცია მომხდარიყო და ბესკოვის გუნდს არ წაეგო - ანგარიშის გახსნამდე შენგელიას წაქცევისთვის ესპანელ არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა, 1:1-ზე კი, მატჩის 86-ე წუთზე, ქუთაისელი ცენტრფორვარდის მიერ წესების დაცვით გატანილი გოლი გააუქმა...
მეორე ტურში საბჭოელებმა სუსტ ახალ ზელანდიას სამბურთიანი სხვაობით სძლიეს, შემადგენლობაში კი კვლავაც ოთხივე ქართველი იყო.
შოტლანდიასთან ბოლო შეხვედრა, სადაც ნაკრებს ფრეც ჰყოფნიდა შემდეგ ეტაპზე საასპარეზოდ, 2:2 დასრულდა. როგორც კაპიტანი და დაცვის ბურჯი საშა ჩივაძე იხსენებდა, თამაშის წინ ფეხბურთელებს რაღაც კონიაკის მსგავსი დაალევინეს, რაც გამამხნევებელი უნდა ყოფილიყო, სასმელმა კი პირიქით - მოთამაშე გააბრუა...
შოტლანდიელთა პირველი გოლი სწორედ კაპიტნის შეცდომის გამო გავიდა. ჩივაძემ ტაიმშუა შესვენებაზე ფეხბურთელებისგან თანადგომა ითხოვა, მეორე ნახევარში კი დაცვაში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და შეტევაში ჩართულმა გაუთანაბრა ბრიტანელებს. 84-ე წუთზე პირისპირ დარჩენილმა შენგელიამ მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო, ორ წუთში კი „ლივერპულის“ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა გრემ სუნისმა ფრე დააფიქსირა.
მუნდიალის მეორე ეტაპზე, რომელიც ასევე ჯგუფური ტურნირი იყო, საბჭოთა კავშირს უაღრესად გაუმართლა და იოლ მეტოქეებთან ერთად მოხვდა, თუმცა გუნდმა ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა და ნახევარფინალში ვერ გავიდა.
პოლონეთმა ზბიგნევ ბონეკის ჰეთ-თრიქით ბელგია დაიბრიყვა, საბჭოთა კავშირმა კი „წითელ ეშმაკებს“ მხოლოდ ხორენ ოგანესიანის (იგივე ჰოვანესიანის) ეფექტური გოლით სძლია. შესაბამისად, პოლონეთთან მატჩში სსრკ-ს ფრე ხელს არ აძლევდა და თამაში აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, თუმცა მატჩის წინ საბჭოელთა შტაბში ბევრი გაუგებრობა მოხდა და საბჭოთა „ოქროს თაობამაც“ მუნდიალის ოთხეულში მოხვედრა ვერ მოახერხა.
ცნობილია, რომ პოლონელებთან შეხვედრის წინ ბესკოვს მისმა ორმა თანაშემწემ, ვალერი ლობანოვსკიმ და ნოდარ ახალკაცმა კონკრეტული გეგმა გააცნეს, რომლის თანახმადაც, ახალ სქემაში, ბელგიასთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითადში კვლავ ოთხივე თბილისელი უნდა ყოფილიყო. მთავარი მწვრთნელი უკრაინელ-ქართველ დუეტს დათანხმდა, თუმცა მეორე დღეს დანაპირები რატომღაც არ შეასრულა.
გარდა ამისა, როგორც ჩივაძე ყვება, ნაკრებს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაღალჩინოსანი შეხვდა და გააფრთხილა - პოლონეთთან არ წაეგოთ! არადა გუნდს მოგება სჭირდებოდა და გამარჯვებაზე ფიქრობდა...
პოლონეთში იმ დროს ლეხ ვალენსას მეთაურობით „სოლიდარნოშჩის“ მოძრაობა გუგუნებდა, ქვეყანა სოციალისტური მარწუხებიდან გაღწევასა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა. სწორედ ამით აიხსნება საბჭოთა კავშირის ჩინოსნების სურვილი, ასეთი ქვეყნის ნაკრებთან არწაგებაზე.
მატჩი უგოლოდ მორჩა და ნახევარფინალში პოლონეთი გავიდა, რომელმაც მუნდიალი III ადგილითა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ხუთი მცველით ითამაშა, მაშინ როდესაც გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. „ბიალო-ჩერვონების“ წინააღმდეგ ძირითადში ჩივაძე, სულაქველიძე და შენგელია იყვნენ. 58-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი სერგეი ანდრეევმა შეცვალა, ვიტალი დარასელია კი 78-ე წუთზე იური გავრილოვის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
საბჭოთა ნაკრებმა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, ბესკოვის შემცვლელი ვალერი ლობანოვსკი კი ნაკრებიდან წავიდა. გუნდმა შესარჩევ ჯგუფში ფინეთსა და პოლონეთს აჯობა, თუმცა ბოლო ტურში პორტუგალიასთან სტუმრად დამარცხდა და ევროზე „ლუზიტანიელები“ ისტორიაში პირველად გავიდნენ.
1986 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში სსრკ ედუარდ მალოფეევმა ათამაშა. ირლანდიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის წინააღმდეგ მატჩებში მხოლოდ ჩივაძე და სულაქველიძე მონაწილეობდნენ.
გუნდში კვლავ უკრაინული ლეგიონი ჭარბობდა, რაც კიდევ უფრო გააძლიერა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ვალერი ლობანოვსკის მოულოდნელმა დაბრუნებამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ვალერი ვასილის ძემ მექსიკაში ნაკრების ხერხემალი თენგიზ სულაქველიძე არ წაიყვანა, ტრავმაგამოვლილი ჩივაძე კი გუნდთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მუნდიალზე ერთი წუთიც არ უთამაშია. ბელგიასთან საბედისწერო მერვედფინალური შეხვედრის წინ საბჭოელთა შტაბი უკვე მეოთხედფინალში დანიასთან მატჩზე ფიქრობდა, სადაც გადაწყვეტილი იყო გამოცდილი ქართველი მცველის ძირითადში დაყენება, თუმცა ლობანოვსკის კიევის „დინამოელებით“ დახუნძლულმა ფავორიტმა გუნდმა „წითელ ეშმაკებთან“ დრამატული მარცხი იწვნია...
საბჭოთა ნაკრების უკანასკნელი დღეები
იტალია '90-ის საგზური საბჭოთა კავშირმა იოლად მოიპოვა, შესარჩევ მატჩებში კი მხოლოდ გელა კეტაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ ორ მატჩში, სტუმრად თურქეთთან და მოსკოვში ისლანდიასთან შევიდა შეცვლებზე ბოლო წუთებში.
ცნობილია, რომ ვალერი ლობანოვსკის, რომელსაც ცნობილი ვერსიით, ქართველები დიდად არ ეხატებოდა გულზე, გადაწყვეტილი ჰქონდა კეტაშვილის იტალიაში წაყვანა, თუმცა დანგრევის პირას მყოფი კომუნისტური იმპერიის ნაკრებში გამოსვლა თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა მცველმა იუარა და 1958 წლის მუნდიალის შემდეგ მეორედ, მსოფლიო ჩემპიონატზე „წითლების“ რიგებში არცერთ ქართველს არ უთამაშია.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები