-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული გუნდისთვის მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრა ჯერ-ჯერობით აუხდენელი ოცნებაა. მართალია, მუნდიალზე არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, თუმცა ისიც ყველამ კარგად იცის, ეს საბჭოთა წარსულს უკავშირდება, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩვენებურები სსრკ ნაკრებში გამოდიოდნენ.
საბჭოთა კავშირის ნაკრებს სულ შვიდ მსოფლიო პირველობაზე აქვს მონაწილეობა მიღებული, ამათგან კი მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ გუნდში არცერთი ქართველი არ იყო.
სსრკ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველად 1957 წლის ივნისში ჩაერთო და მუნდიალის საგზურიც პოლონეთთან ჭიდილში მოიპოვა. გავრიილ კაჩალინის გაწვრთნილ გუნდში არც საკვალიფიკაციო ეტაპის ხუთ შეხვედრაში (შესარჩევ ოთხს პლიუს გადათამაშება თანაბარქულიან პოლონეთთან) და არც შვედეთში გამართულ ჩემპიონატზე, არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ ყოფილა.
არადა ორი წლის შემდეგ, ისტორიაში პირველი ევროს (იმხანად წოდებული ევროპის ერთა თასი) ტრიუმფატორ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ოთხი ქართველი ფეხბურთელი გაჩემპიონდა: თბილისის „დინამოს“ ტრიო - გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი, მიხეილ მესხი და მოსკოვის „ტორპედოს“ წევრი სლავა მეტრეველი. ამ უკანასკნელმა ფინალში გოლიც გაიტანა იუგოსლავიის ეროვნული გუნდის კარში.
1962 წლის მუნდიალის შესარჩევში, წინის მსგავსად, სსრკ კვლავ სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა. კაჩალინის კრებულმა თურქეთთან და ნორვეგიასთან ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო. აღსანიშნავია, რომ სკანდინავიელებთან ორივე დაპირისპირებაში გაიტანეს გოლები მესხმა და მეტრეველმა.
ჩილეში ჩასულმა საბჭოელებმა ჯგუფში იუგოსლავიასა და ურუგვაის სძლიეს, შესაბამისად, 2:0 და 2:1, კოლუმბიელებთან კი ქულები გაიყვეს - 4:4. ხსენებულ უხვგოლიან შეხვედრაში კოლუმბიელმა მარკოს კოლმა ე.წ. ოლიმპიკო ანუ კუთხურიდან პირდაპირი გოლი გაუტანა ლევ იაშინს.
მომდევნო ეტაპზე საბჭოთა კავშირი მასპინძელ ჩილესთან 1:2 დამარცხდა და წინა მუნდიალის მსგავსად მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას.
სსრკ-მ ოთხივე მატჩი ჩილეს ქალაქ არიკას სტადიონზე ითამაშა. მიხეილ მესხმა და გივი ჩოხელმა ოთხი შეხვედრიდან სამში მიიღეს მონაწილეობა, მეტრეველმა მხოლოდ პირველში - იუგოსლავიასთან, თბილისის „დინამოს“ კარის დარაჯი სერგო კოტრიკაძე კი ნაკრებში სათადარიგო იყო. არადა, თითქოს გადაწყვეტილი იყო კოტრიკაძის თამაში, თუმცა „ზემოდან დაირეკა“ და ძირითადი ადგილი იაშინს ერგო.
1966 წლის მუნდიალისთვის საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდის მომზადება ნიკოლაი მოროზოვმა დაიწყო, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 1964 წლის ევროპის პირველობის ფინალში ნაკრების მარცხის შემდეგ, კონსტანტინ ბესკოვი შეცვალა.
სსრკ ოთხგუნდიან შესარჩევ ჯგუფში, საბერძნეთთან, უელსსა და დანიასთან ერთად მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ 4 ქართული გოლი გავიდა, რომელთა ავტორები კვლავაც მესხი და მეტრეველი იყვნენ: ამჯერად უკვე თბილისის „დინამოელმა“ გარემარბმა სამჯერ გამოიჩინა თავი, მესხმა კი დანიის შინ განადგურებაში (6:0) შეიტანა წვლილი. შესარჩევში სხვა ქართველებმაც ითამაშეს, ესენი იყვნენ: გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, მურთაზ ხურცილავა და მეკარე ანზორ კავაზაშვილი.
1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საბჭოთა კავშირმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, მოროზოვმა მხოლოდ ოთხი ქართველი იახლა. კავაზაშვილმა ჯგუფის ორი შეხვედრა ითამაშა. ჩრდილო კორეასთან საწყისი გამარჯვებისას (3:0) მოსკოვის „ტორპედოს“ გოლკიპერმა კარი მშრალად შეინახა, ჩილესთან მოგებულ მატჩში (2:1) კი გოლი გაუშვა. ჯგუფის სამივე შეხვედრაში ცალ-ცალკე ითამაშეს სიჭინავამ, ხურცილავამ და მეტრეველმა, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი არცერთ ქართველს მონაწილეობა არ მიუღია.
„დინამოელები“ დებიუტანტ პორტუგალიასთან დაბრუნდნენ, თუმცა მოგეხსენებათ, ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა საბჭოელებმა ფანტასტიურ ფორმაში მყოფ ეუსებიოსა და კომპანიასთან დათმეს, რაშიც დამნაშავე გარკვეულწილად 23 წლის მურთაზ ხურცილავაც გახდა - ცენტრალურმა მცველმა ჯერ საჯარიმოში უხეიროდ ითამაშა ხელით, რასაც „შავი პანტერას“ მიერ გოლადქცეული პენალტი მოჰყვა, პირენეელთა მეორე გოლისას კი ახალგაზრდა ქართველმა ხელი ვერ შეუშალა ჟოზე ტორეშს...
დღემდე დიდი განხილვის თემაა, თუ ვინ გაუთანაბრა ხსენებულ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს. FIFA გოლს ოფიციალურად უთვლის ედუარდ მალოფეევს, თუმცა ბევრი უცხოური წყაროს თანახმად, კრედიტი ასევე ეძლევა ანატოლი ბანიშევსკის, იყო საუბრები პორტუგალიელი მცველის ავტოგოლზეც, არაერთი ქართული და საბჭოური წყარო კი თავიდანვე გოლს სლავა მეტრეველს აკუთვნებდა... ცხადია, გოლი მეტრეველს ნამდვილად არ გაუტანია, მაგრამ ერთი რამ ცნობილია - იმ მატჩში ქართველმა შუახაზელმა მარჯვენა ფლანგი აიკლო...
ყველაზე დიდი ქართული წარმომადგენლობა მუნდიალს მექსიკაში ჰყავდა. 1970 წლის ჩემპიონატზე კაჩალინის ნაკრებში ექვსი ქართველი იყო და პირველი ქართული გოლიც გავიდა.
საბჭოთა კავშირი შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ ირლანდიასა და თურქეთთან ერთად ჩაება. ბელფასტში ნულოვანი ფრის შემდეგ „წითელმა არმიამ“ კიევში 3:0 სძლია თურქეთს, რომელსაც ერთი გოლი გივი ნოდიამ გაუტანა. თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა გოლი ჩრდილოეთ ირლანდიასთანაც მიიწერა - მოსკოვში მოგებულ (2:0) შეხვედრაში ნოდიამ „ტოტენჰემის“ ლეგენდა პატ ჯენინგსის მოგერიებულს დაამატა და „ოქროს ბურთის“ მფლობელ ჯორჯ ბესტს სამუნდიალე ოცნება მოუსპო. ბოლო ტურში სტამბოლის „ალი სამი იენიზე“ დაჩაგრულ (3:1) მასპინძლებთან კი დუბლით გამოირჩა კახი ასათიანი.
მსოფლიოს მე-9 პირველობა მეხიკოს „ესტადიო აცტეკაზე“ მასპინძელი მექსიკისა და საბჭოთა კავშირის უგოლო ფრით გაიხსნა. კაჩალინმა ძირითადში სამი ქართველი გაამწესა: მეკარე კავაზაშვილი, ნახევარმცველი ასათიანი და ფორვარდი ნოდია, რომელიც 66-ე წუთზე ვიტალი ხმელნიცკიმ შეცვალა.
საბჭოელებმა მექსიკის მუნდიალზე თავიანთი საუკეთესო თამაში მეორე ტურში აჩვენეს, როდესაც ლეგენდარული რემონ გუტალსის გაწვრთნილი ბელგია ანგარიშით 4:1 დაჩაგრეს. კარს კვლავ კავაზაშვილი იცავდა, დაცვის ცენტრი ამჯერად რევაზ ძოძუაშვილმა და მურთაზ ხურცილავამ დაიკავეს, შუახაზში კი კვლავ ასათიანი მოქმედებდა, რომელმაც მეორე ტაიმის 57-ე წუთზე მუნდიალების ისტორიაში პირველი ქართული გოლი გაიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
აუტსაიდერ სალვადორთან ჯგუფის მესამე მატჩში იგივე ოთხეულმა მიიღო მონაწილეობა, ოღონდ, ასათიანი თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. ნოდია და მეტრეველი კი სათადარიგოები იყვნენ.
მეოთხედფინალში სსრკ-ს მეტოქედ ურუგვაი ერგო, თუმცა ფავორიტად შერაცხული გუნდი დამატებით დროში დასანანი გოლით დამარცხდა: 117-ე წუთზე საგოლე ეპიზოდისას საბჭოელ ფეხბურთელებს ბურთი მოედნიდან გადასული ეგონათ და გაჩერდნენ, რითიც შეცვლაზე შესულმა ვიქტორ ესპარაგომ ისარგებლა და „სელესტე“ ნახევარფინალში გაიყვანა...
გუნდმა და მთელმა საბჭოეთმა მარცხი მტკივნეულად განიცადა. მოგვიანებით ხურცილავა ბევრჯერ იმეორებდა მანტრასავით, რომ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს მსაჯის სასტვენამდე და რომ თამაში მხოლოდ სასტვენის ხმაზე ჩერდება...
ცალკე სტატია შეიძლება დაიწეროს საბჭოთა კავშირის ჩილეს ნაკრებთან საკონტინენტათშორისო პლეი-ოფში შეხვედრაზე, რის გამოც სსრკ მუნდიალზე ვერ გავიდა, თუმცა ფაქტია, პოლიტიკურად დატვირთული დაპირისპირების პირველ მატჩში ევგენი გორიანსკის დამოძღვრილმა „წითელმა არმიამ“ მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ ვერაფერი მოუხერხა სამხრეთ ამერიკელებს და მეტოქესთან უგოლოდ გაიყარა. ხსენებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა რევაზ ძოძუაშვილმა, მეორე ტაიმიდან კი თამაშში ვლადიმერ გუცაევი ჩაერთო.
სსრკ ვერც შემდეგ მუნდიალზე გავიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფი ვერ დაძლია. უნგრეთსა და საბერძნეთთან შეხვედრებში მხოლოდ ორმა ქართველმა ითამაშა: შოთა ხინჩაგაშვილმა და დავით ყიფიანმა, რომელმაც შინ საბერძნეთთან (2:0) და სტუმრად უნგრეთთან (1:2) თითო გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები