მანჩესტერ სიტისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავიდ სილვა 3-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს უბრუნდება.
როგორც ჰონგკონგურმა კლუბმა სუპრიმ შა ტინმა გამოაცხადა, 40 წლის ესპანელი მათ გუნდს შეუერთდა.
სილვამ, რომელიც 2010 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, კარიერა 2023 წლის ზაფხულში დაასრულა.
ამის მიზეზი მუხლის სერიოზული ტრავმა იყო, რომელიც მან სოსიედადში წინასასეზონო მომზადების დროს მიიღო.
„მოხარული ვარ, რომ სუპრიმ შა ტინს შევუერთდი“, - განაცხადა სილვამ კლუბის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„მოუთმენლად ველი ჰონგკონგში ჩასვლას, რათა გავეცნო ადგილობრივ კულტურას, ხალხს, დავაგემოვნო შა ტინის კერძები და, რა თქმა უნდა, სიამოვნება მივიღო ჰონგკონგური ფეხბურთით“.
სუპრიმ შა ტინი ჰონგკონგის პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში დაწინაურდა და ამჟამად 11-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილს იკავებს.
„დავიდ სილვა მალე ჩავა ჰონგკონგში, სადაც ახალ გარემოს შეეგუება, გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავებს, რათა მოედანზე დასაბრუნებლად სრულ მზადყოფნაში იყოს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
სილვა მანჩესტერ სიტის 2010 წელს შეუერთდა და ინგლისურ კლუბში 10 სეზონი გაატარა. ამ პერიოდში მან გუნდთან ერთად 11 მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა.