ლა ლიგამ ჩაატარა სიღრმისეული ანალიზი, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ განაპირობებს ახალგაზრდული ტალანტების განვითარება ესპანური ფეხბურთის სპორტულ და ეკონომიკურ წარმატებას.
კვლევა ესპანეთის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონობასა და ბოლო ათწლეულში ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების მიღწევებს ეყრდნობა.
ესპანური დომინაცია ევროპაში
ლა ლიგის საფეხბურთო პროექტების დეპარტამენტის მონაცემებით, ესპანეთი ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო ქვეყანაა. ესპანეთის ეროვნულმა, ქალთა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ჯამში 23 ტიტული მოიპოვეს, რითაც კონკურენტებს უზარმაზარი სხვაობით უსწრებენ:
გერმანია — 9 ტიტული
ინგლისი — 7 ტიტული
საფრანგეთი და პორტუგალია — 6 ტიტული
ნიდერლანდები — 5 ტიტული
იტალია — 4 ტიტული
მსოფლიო ჩემპიონები და მილიონიანი შემოსავლები
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიგნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს უკავშირდება. 26 გამოძახებული ფეხბურთელიდან 25-მა ესპანური აკადემიების სისტემა გაიარა.
მოთამაშეებმა, რომლებმაც მშობლიური კლუბები დატოვეს, კარიერის განმავლობაში სატრანსფერო შემოსავლების სახით ჯამში 466 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავეს.
9 მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ისევ თავის აღმზრდელ კლუბში თამაშობს, ჯამში დაახლოებით 545 მილიონ ევროდ ფასდება, რაც კლუბებს უზარმაზარ სატრანსფერო ხარჯებს უზოგავს და უდიდეს სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს.
აკადემიის მოთამაშეები - ლა ლიგის მთავარი იარაღი
2025/2026 წლების სეზონში ლა ლიგა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატს შორის აკადემიის აღზრდილებისთვის დათმობილი სათამაშო წუთებით კვლავ ლიდერობდა:
ლა ლიგა — 20.1%
ლიგა 1 — 16.1%
ბუნდესლიგა — 11.9%
პრემიერლიგა — 8.3%
სერია A — 7.6%
საკუთარ აღზრდილებს ყველაზე მეტ დროს უთმობენ: ატლეტიკ ბილბაო (69.5%), რეალ სოსიედადი (55.2%) და ბარსელონა (47.5%). ეს ტენდენცია მეორე დივიზიონშიც (LaLiga Hypermotion) შეინიშნება, სადაც ლა ლიგაში დაწინაურებული სამივე კლუბი (მალაგა, დეპორტივო, რასინგი) ძირითადად სწორედ აკადემიის ფეხბურთელებს დაეყრდნო.
ადაპტაციის უნიკალური უნარი
ანალიზი ესპანური სისტემის კიდევ ერთ უნიკალურ მახასიათებელს უსვამს ხაზს და ეს არის უნივერსალურობა. ევრო 2024-ზე ესპანეთი სწრაფ, გარდამავალ ფაზებზე აგებულ ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბურთის ფლობაზე დაფუძნებულს. ერთი და იგივე მოთამაშეების წარმატება ორი სრულიად განსხვავებულ ტაქტიკურ სისტემაში ამტკიცებს, რომ ესპანური მოდელი მრავალმხრივ, ტაქტიკურად მოქნილ და „სრულყოფილ“ ფეხბურთელებს ზრდის.
სწორედ ამიტომ, ლა ლიგა აგრძელებს ამ მოდელის გლობალურ პოპულარიზაციას და სხვადასხვა ქვეყნებთან (ჩინეთი, პერუ, ვიეტნამი) აქტიურ თანამშრომლობას.