ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე ევროპული ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირება შედგება. მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალს შეხვდება და ორი მატჩის ჯამში ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
ბაიერნი - რეალი (23:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
როგორ მოვიდნენ გუნდები აქამდე?
მიუნხენელებმა ჯგუფურ ეტაპზე კოპენჰაგენის, გალათასარაისა და მანჩესტერ იუნაიტედის ბარიერის დაძლევის შემდეგ 1/8 ფინალში ლაციოს აჯობეს, 1.4 ფინალში კი ლონდონის არსენალს სძლიეს.
მადრიდის რეალმა კი ჯგუფში ნაპოლი, ბრაგა და უნიონ ბერლინი მარტივად გაიარა და პლეიოფში ლაიფციგი და მანჩესტერ სიტი დაამარცხა.
რაც შეეხება შიდა ჩემპიონატებს, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა უკვე გაირკვა, ბაიერნი ტახტიდან ლევერკუზენის ბაიერმა ჩამოაგდო, ტუხელის გუნდი კი მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო რეალი ჩემპიონობასთან ახლოსაა. ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ბარსელონასთან სხვაობა 11 ქულაა.
ამ გუნდების დაპირისპირება ევროპული ფეხბურთის კლასიკად ტყუილად არ მიიჩნევა, მათ ხომ ჯამში 20 ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული. ურთიერთდაპირისპირებაც 25 მატჩს ითვლის, საიდანაც 12 ბაიერნმა მოიგო, 11 - რეალმა, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ბოლო გადაკვეთა 2017-18 წლების სეზონში, სწორედ 1/2 ფინალში ვიხილეთ, სადაც მადრიდელებმა ორი მატჩის ჯამში 4-3 იმარჯვეს და საბოლოოდ ის გათამაშება მოიგეს კიდეც.
დღეს საინტერესო იქნება მწვრთნელების დაპირისპირება - ტომას ტუხელი კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ. აქამდე ეს სპეციალისტები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 4-ჯერ გამარჯვება გერმანელს დარჩა, 3-ჯერ იტალიელს, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. მათი ბოლო შეხვედრა 2022 წელს შედგა, სადაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში რეალმა ჯამში 5-4 სძლია ჩელსის და ფინალში გავიდა, რომელიც ასევე მოიგო.
ვარსკვლავური დუელი იქნება მოთამაშეებს შორისაც, თუ ჰარი კეინი არსენალთან თანამემამულე ბუკაიო საკას უპირისპირდებოდა, ახლა მისი მეტოქე ჯუდ ბელინგემი იქნება. კეინს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ 8-გოლიან კილიან მბაპეს ჩამორჩება, რეალის ინგლისელი მოთამაშის ანგარიშზე კი 4 გოლი და 4 ასისტია, თუმცა მადრიდელთა მთავარი ბომბარდირი კონკრეტულად ლიგაზე ის არ არის. როდრიგოს 5 გოლი აქვს გატანილი.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი - ნოიერი; კიმიხი, კიმი, დაიერი, მაზრაუი; გორეცკა, პავლოვიჩი; სანე, მუსიალა, გერეირო; კეინი.
რეალი - ლუნინი; ვასკესი, ჩუამენი, რუდიგერი, მენდი; ვალვერდე, კროოსი, კამავინგა; ბელინგემი; ვინისიუსი, როდრიგო.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ფრანგი კლემენ ტურპინი იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში 4 მატჩში მოთამაშეებს ჯამში 16 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 1 პენალტი დანიშნა.